სიღარიბე სამხრეთ
კავკასიაში


სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მოსახლეობა და ხელისუფლება ფუნდამენტურად არ ეთანხმება ერთმანეთს ცხოვრების დონის შეფასებაში. ოფიციალური სტატისტიკით სიღარიბე მარცხდება, თუმცა, რიგითი მოქალაქეები და ექსპერტები სხვა რამეს ამბობენ
როგორ ხდება ეს?
საქარველო

2022 წლის ბოლოს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში "დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა“.

მისი თქმით, 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბე 17.5 პროცენტი გახდა, მაშინ როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს აღემატებოდა.

იგივე განაცხადა ნოემბრის ბოლოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო ერთ წელში 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, შემცირდა სიღარიბე და „უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ ბოლო 3-4 წელიწადში 400 ათასმა ადამიანმა დასძლია სიღარიბე და 2030 წლისთვის ქვეყანა საბოლოოდ გაანულებს სიღარიბეს“.

თუმცა, პარალელურად, განსხვავებულ სურათს აჩვენებს გამოკითხვები: კვლავინდებურად, მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს პრობლემად რჩება უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების ზრდა. 75 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა.
მართლა რამდენი ღარიბია საქართველოში?
ეკა (სახელი შეცვლილია)
"ვარ 38 წლის, ვცხოვრობ ქობულეთში ქმართან და ორ შვილთან. საკუთარი სახლი არ გვაქვს, ცარიელ ფართში ვართ შესახლებულები და როდის გამოგვყრიან, არ ვიცი. აბსოლუტურ სიღარიბეს რომ ეძახიან, იმ ზღვარს ქვემოთ ითვლება ჩემი ოჯახი.
ზაფხულში მეტი სამუშაოა
სოციალურ დახმარებას ვიღებთ 540 ლარს. ეს არის ჩვენთვის ოთხივესთვის მთავარი შემოსავალი. გარდა ამისა, მე კიდევ სახლებს ვალაგებ, სასტუმროებს. ზაფხულში უფრო კარგად მაქვს მუშაობა, როცა ტურისტები არიან. როცა სეზონი არ არის, კვირაში ერთხელ თუ დავალაგებ სახლს ვინმესთან.

ჩემი ქმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს, მაგრამ სახლში ძალიან მეხმარება - ბავშვებთან მთელი დღე ის არის.
ბავშვობაც გაჭირვებული მქონდა. ქობულეთში დავიბადე, სოფელი დაგვაში. ექვსი და-ძმა ვიყავით, 33 წლის იყო დედაჩემი, როცა დაქვრივდა. მამაჩემი ბათუმში მუშაობდა, სატელეფონო ატეესში. ერთ დღეს დაურეკეს, ხაზი იყო სადღაც გაწყვეტილი, წავიდა შესაკეთებლად და თურმე, ვიღაცას არასწორად მიუერთებია დენის ხაზი ტელეფონთან და დენმა დაარტყა 38 წლის ასაკში. ხომ გახსოვთ, მაშინ, 90-იანებში, ყველას რაღაც ხაზი ჰქონდა გამოყვანილი და მაგას შეეწირა მამაჩემი.

ექვსი და-ძმა დავრჩით. ოთხი და და ორი ძმა. საწყალი დედაჩემი იყო ჩვენთვის დედაც, მამაც, ბებიაც, ბაბუაც. დილიდან საღამომდე მუშაობდა, მოყავდა სოფლის ნობათი, დაატარებდა ქალაქში, ყიდდა და მაგითი ვცხოვრობდით. მაშინ ყველა ცუდად ცხოვრობდა, მაგრამ ჩვენ მაინც სხვებზე ხელმოკლედ,“ - ამბობს ეკა.
მხოლოდ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე მართლაც კლებულობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს მოსახლეობის 30 პროცენტი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 17,5 პროცენტამდე დაეცა, რაც 3.7 მილიონიანი ქვეყნისთვის 645 ათას ადამიანია.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაახლოებით ყოველი მეექვსე მოქალაქე აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

ეს თავისთავად ძალიან ბევრია, თუმცა სინამდვილეში ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითვლით.

საარსებო მინიმუმის ხრიკები
აბსოლუტური, იგივე უკიდურესი, ექსტრემალური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ.

თუმცა, ეს გათვლა იმდენად ფარდობითია, რომ მის საფუძველზე ქვეყანაში სიღარიბის დონის შესახებ დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

პლუს 1 ლარი - და უკვე არ ხარ ღარიბი?

მაგალითად, პირობითად, თუ საარსებო მინიმუმი 100 ლარია, ის, ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვს, ღარიბად ითვლება. ხოლო ვისაც 101 ლარი აქვს, ღარიბად აღარ ითვლება და შესაბამისად, ოფიციალურ სტატისტიკაშიც არ შედის.

თუ უმუშევრობა იზრდება, როგორ მცირდება სიღარიბე?

როგორც ექსპერტები ამბობენ, სტატისტიკური მონაცემების ანალიზისას მნიშვნელოვანია ის, თუ რა ფაქტორები განაპირობებს სიღარიბის დონის დაწევას.

მაგალითად, 2021 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ ამავე წელს დასაქმების პარამეტრები არ გაუმჯობესებულა, პირიქით - უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა. მაშ რის ხარჯზე დაძლია სიღარიბე რამდენიმე ათასმა ადამიანმა?
ერთჯერადი დახმარება გაგიწიეს და უკვე არ ხარ ღარიბი?
პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საქართველოში უკიდურესი სიღარიბის შემცირებაზე დიდ გავლენას ახდენს, ეს არის სოციალურ დახმარებები. თუ ადამიანს არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმი გააჩნია, ის სტატისტიკურად ღარიბად არ მიიჩნევა - არა აქვს მნიშვნელობა, საიდან მოიტანა მან ეს ფული.

კორონავირუსის პანდემიის დროს სახელმწიფომ ბევრი სოციალური ტრანსფერი განახორციელა - ბევრ ადამიანს ერთჯერადი სოციალური დახმარება ჩაურიცხეს, ასევე ამ პერიოდში გაიზარდა ბავშვთა ფულადი დახმარება და სხვა სოციალურმა ბენეფიტები.

შედეგად, 2022 წელს სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 17.6 პროცენტი ანუ 655 ათასზე მეტი ადამიანი, არის საარსებო შემწეობის მიმღები. ვინაიდან ბევრ ადამიანს, რომლებიც აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდნენ, ამ დახმარებების წყალობით გაუჩნდა დამატებითი ფული, ისინი ავტომატურად ამოვარდნენ სიღარიბის სიიდან.

ანუ ეს ადამიანები რაიმე ეკონომიკური აქტივობების შედეგად კი არ „გამდიდრებულან“, არამედ სოციალური შემწეობის ხარჯზე ჩაითვალნენ „არა ღარიბებად“.
გამოდის რომ, სინამდვილეში 2022 წელს საქართველოში სიღარიბის დონემ კი არ მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, არამედ სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს.
ეკა
ცხრა კლასზე მეტი ვერ ვისწავლეთ ვერც ერთმა. ერთმა ძმამ კი დაამთავრა საზღვაო, მაგრამ ვერ გაჰყვა თავის პროფესიას.

მარტოხელა დედას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ სასწავლებელში გავეგზავნეთ. არც იმის ფუფუნება გვქონდა, რომ მთელი დღე გვემეცადინა. სწავლისთვის ვის ეცალა. მე გარეთ საქმეში ვეხმარებოდი დედას, უფროსი და - საჭმელს ამზადებდა, უფროსი ძმა ხან ცემენტს ცლიდა, ხან რაღაცას ტვირთავდა, რომ რამე ფული მოეტანა ოჯახში.

რომ ვთქვა, რომ რომელიმემ სიღარიბეს დავაღწიეთ თავი, ტყუილია. ყველა ჩვენ-ჩვენს გზას დავადექით ყველა, დები გათხოვდნენ, ძმებს ცოლები ჰყავთ, მაგრამ ყველას გვიჭირს ახლაც. თუმცა, გუნდივით ვართ, ვეხმარებით ერთმანეთს.

მეტი ყურადღება რომ ყოფილიყო სწავლაზე, უფრო სხვანაირად წავიდოდა ჩვენი საქმე. მაგრამ დრო არ გვქონდა. დღის გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ დიზაინერობა შეიძლებოდა მესწავლა. კარგად ვხატავდი, რაღაც ტანსაცმელების მოფიქრება მიყვარდა, მიყვარს ხელის საქმე - კერვა, ქსოვა. ჩემს შვილებს რამე თუ არ ჰქონდათ ან წინდა ან სვიტრი, დავჯდებოდი და ერთ ღამეში მოვქსოვდი. რომ მქონოდა გვერდში დგომა, არ ვიყავი ცუდი გოგო.

უმაღლეს სოციალურ პაკეტს იღებს ჩემი ოჯახი. მარტო ბავშვები კი არა, ყველანი. 540 ლარი გამოდის თვეში. თუ სტაბილური სამუშაო იშოვე, დახმარებას გიხსნიან. მე არ მაქვს ახლა სტაბილური სამუშაო, მაგრამ რაც მაქვს იმასაც არ ვაჩენ. ბარათზე ფული თუ ჩაგირიცხეს ერთხელ მაინც, მერე პრობლემაა, შეიძლება მოგიხსნან დახმარება“.

გავხდე პარიკმახერი და მქონდეს საკუთარი შემოსავალი
უმაღლეს სოციალურ პაკეტს იღებს ჩემი ოჯახი. მარტო ბავშვები კი არა, ყველანი. 540 ლარი გამოდის თვეში. თუ სტაბილური სამუშაო იშოვე, დახმარებას გიხსნიან. მე არ მაქვს ახლა სტაბილური სამუშაო, მაგრამ რაც მაქვს იმასაც არ ვაჩენ. ბარათზე ფული თუ ჩაგირიცხეს ერთხელ მაინც, მერე პრობლემაა, შეიძლება მოგიხსნან დახმარება“.

პირველ რიგში საკუთარი სახლი მინდა, რომ გვქონდეს, ჩვენი ჭერი. ახლა ქობულეთში ერთ-ერთ შენობაში ვართ შესახლებული და სულ ვაი-ვიშია. მოდიან რომ გაგვასახლონ და არ გამოვდივართ. თორმეტი უსახლკარო ოჯახი ვართ და წასასვლელი არ გვაქვს არსად. ამიტომ ახლა ერთადერთი ოცნება მაქვს, მქონდეს ჩემი სახლი. კიდევ მინდა პატარა სილამაზის სალონი მქონდეს. სტილისტობას ვისწავლიდი და მექნებოდა ჩემი შემოსავალი.

მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემმა შვილებმა კარგად ისწავლონ. სულ ვეუბნები, რომ ჩვენ არაფერი გაგვაჩნია და თუ დააღწევენ თავს ამ სიღარიბეს, მარტო იმით, რომ კარგად ისწავლიან , ექნებათ პროფესია, სამსახური.

ორი გოგო მყავს - 13 წლის და 8 წლის. ცუდად არ სწავლობენ, მაგრამ თავსაც არ იკლავენ, კოვიდმა და დისტანციურმა სწავლებამ ძალიან უკან დაგვხია. უფროსი ხატავს და ფიქრობს რომ ხატვას გაყვეს. უმცროსი ძალიან ემოციურია, განიცდის ყველაფერს. განიცდის, რომ სახლი არ გვაქვს ჩვენ და კიდევ სხვებსაც. ამიტომ, სულ ამბობს, არქიტექტორი უნდა გავხდე, დიდი სახლი ავაშენო და ყველას იქ ვაცხოვრებ, ვისაც სახლი არა აქვსო".
ავტორები
მაგდა გუგულაშვილი,
სოფო ზედელაშვილი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 5,9 პროცენტია. აზერბაიჯანში 10,1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ 600 ათასი ღარიბია.

ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაწეულია. 2021 წელს - 6,2 პროცენტი იყო. თუმცა, ეს ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება სიღარიბის მაჩვენებელს 2019 წელს, ანუ კორონავირუსის პანდემიამდე. მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი 4,8 პროცენტი იყო.
ოფიციალურად, აზერბაიჯანში სიღარიბე სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის დოკუმენტით იზომება, რომელსაც „საოჯახო მეურნეობების დიაგნოსტიკა“ ჰქვია. აქ მთავარი მაჩვენებელია ერთ ადამიანზე სამომხმარებლო ხარჯების მოცულობა - ანუ იგივე საარსებო მინიმუმი.

2023 წლის პირველი იანვრიდან აზერბაიჯანში საარსებო მინიმუმად 246 მანათი [დაახლოებით 145 დოლარი] ითვლება. თუ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი ამ თანხაე ნაკლებია, მაშინ ეს ადამიანები ღარიბებად ითვლებიან.

ასეთი მიდგომა შეიცავს იმავე რისკებს, რაც უკვე დეტალურად განვიხილეთ საქართველოს მაგალითზე. თუ ადამიანი 250 მანათს შოულობს, ეს არანაირად არ ცვლის მის მდგომარეობას, თუმცა სიღარიბის სტატისტიკაში იგი ვეღარ მოხვდება. ასევე, თუ ოჯახმა მიიღო სოციალური დახმარება, თუნდაც ერთჯერადი, მაშინ ეს ოჯახი არ არის ღარიბთა სიაში.

მაგრამ არის კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც დამახასიათებელია აზერბაიჯანისთვის, და რომელიც სიღარიბის ყველა სტატისტიკას მითად აქცევს.

ბევრი ექსპერტის აზრით, დადგენილი საარსებო მინიმუმი იმდენად მცირე თანხაა, რომ ამ თანხით აზერბაიჯანში გადარჩენა შეუძლებელია.
რისი ყიდვა შეგიძლიათ საარსებო მინიმუმით აზერბაიჯანსი? წლიური გაანგარიშება:
პროდუქტი:

• 136,8 კგ პური და პურ-ფუნთუშეული (375 გრამი დღეში);
• 54,8 კგ კარტოფილი (150 გრამი დღეში);
• 32,9 კგ ხორცი და ხორც-პროდუქტები ფრინველის ჩათვლით (90 გრამი დღეში);
• 7 კგ კარაქი (19 გრამი დღეში);
• 7,7 კგ თევზი და თევზის პროდუქტები (21 გრამი დღეში);
• 10,9 კგ მცენარეული ზეთი, მარგარინი და სხვა ცხიმები (29 გრამი).

ტანსაცმელი:

• ქურთუკი ან სხვა გარე ტანსაცმელი - სამი ცალი რვა წლის ასაკში;
• საცვალი - ცხრა ცალი 2,5 წლის განმავლობაში (ცალი 102 დღე);
• წინდები - შვიდი წყვილი 1,5 წლის განმავლობაში (წყვილი 78 დღის განმავლობაში);
• ფეხსაცმელი - ექვსი წყვილი 3,5 წლის განმავლობაში (წყვილი 213 დღის განმავლობაში).
• ინტერნეტი - დღეში ერთი საათი მთელი ოჯახისთვის.

რამდენი ღარიბი ადამიანია რეალურად აზერბაიჯანში?
დეიდა სონა
სონა ჰალა (სონა დეიდა), როგორც მას მეზობლები ეძახიან სოფელ საბუნჩში, ბაქოს ცენტრიდან არც თუ ისე შორს, ძველ ტრაილერში ცხოვრობს. ის შვილთან, რძალთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. „ჩვენი სახლი არ გვქონდა, ჩემმა ქმარმა ერთხელ აიღო ეს ტრაილერი, დაამონტაჟა აქ, სოფელში და მას შემდეგ აქ ცხოვრობს“, - ამბობს ის.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სონა მხოლოდ ინვალიდობის პენსიით უნდა დაკმაყოფილდეს: „მეორე ჯგუფი მაქვს, სულ 130 მანეთს [დაახლოებით 78 დოლარი] ვიღებ. არ ვმუშაობ და არც მარჩენალის დაკარგვისთვის მიხდიან რამეს. სულ ეს არის ჩემი შემოსავალი“.
ხორცი ჩვენთვის ძალიან ძვირია, მაგრამ ხდება, რომ მეზობლები გვიმასპინძლდებიან.
სონას შვილიც არ მუშაობს, შემთხვევით სამუშაოებს შოულობს. „ზოგჯერ მეზობელს იატაკი აქვს გამოსაცვლელი ან ვინმეს ტვირთი აქვს გადასაზიდი. მიდის, მუშაობს, მოაქვს ფული. მაგრამ რაში გვყოფნის ეს ფული?!“ - კითხულობს სონა.

მთელი მისი ფული წამლებსა და პატარა ტკბილეულზე იხარჯება სამი წლის შვილიშვილისთვის. პროდუქტს მხოლოდ იმ ფულით ყიდულობენ, რაც ვაჟს მოაქვს: „სხვადასხვა სუპებს ვამზადებთ, ზოგჯერ მშრალი კვებაც გვაქვს. გააჩნია, რამდენი ფული დაგვრჩა. რა თქმა უნდა, ხორცს არ ვყიდულობთ, ძალიან ძვირია. ”

ბაქოში კილოგრამი უძვლო ხორცი ახლა 17 მანათი [დაახლოებით $10] ღირს.

”თუმცა, მთლად ხორცის გარეშე არ ვცხოვრობთ. მეზობლები და ნაცნობები გვაძლევენ ცოტას, როცა საკლავს დაკლავენ ან ყურბან-ბაირამია. ვისაც შეუძლია, გვეხმარებიან“ - ჰყვება სონა.
აზერბაიჯანში მოქმედი კანონმდებლობით, საარსებო მინიმუმს ქვემოთ მოქალაქის შემოსავალი არ უნდა იყოს. სონას პენსია აშკარად ვერ ქაჩავს ამ დონემდე.

ამიტომ მის შვილს შეუძლია მიმართოს დასაქმების ცენტრებს. თუ მას სამუშაო არ ექნება, სახელმწიფო ვალდებულია ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაუწიოს საარსებო მინიმუმის ოდენობით. და არა მხოლოდ მას, არამედ მის მეუღლეს და შვილს“, - ამბობს ეკონომისტი ალი ახმედოვი.

აზერბაიჯანის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სიღარიბე ემუქრება
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის სხვადასხვა მონაცემები მოსახლეობის ცხოვრების დონესთან დაკავშირებითაც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. როგორც ზემოთ აღინიშნა, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი ოფიციალურად 5,9 პროცენტია.

თუმცა, იგივე სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტმა 2021 წელს ჩაატარა ოფიციალური გამოკითხვა 17 ათას შინამეურნეობაში. შედეგების მიხედვით, გამოკითხულები შემოსავლის დონის მიხედვით ათ კატეგორიად დაყვეს. ყველაზე დაბალ კატეგორიაში შევიდას ოჯახების ათი პროცენტი, რომელთა თვიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე არ აღემატება 171 მანათს [დაახლოებით $100].

შემდეგ ჯგუფში შევიდა ის ათი პროცენტი, რომელთაც ერთ სულ მოსახლეზე 210 მანათი [დაახლოებით $124] შემოსავალი ჰქონდათ. მაშინ საარსებო მინიმუმი იყო 205 მანათი [დაახლოებით $121].
ამრიგად, აშკარაა, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს მოსახლეობის არა 5,9 პროცენტი, არამედ მინიმუმ 20 პროცენტი.
დაახლოებით იგივე დასკვნებს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მსოფლიო ბანკის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში სიღარიბის დონემ 24 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ დედაქალაქ ბაქოში სიღარიბის მაჩვენებელი 16 პროცენტია.

საერთაშორისო ექსპერტებმა ასევე განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის სოფლის მოსახლეობის 57 პროცენტი სიღარიბის საფრთხის წინაშე ცხოვრობს.

ანუ ისინი ამჟამად ოფიციალურად არ ითვლებიან ღარიბებად, მაგრამ იმდენად ახლოს არიან ზღვარზე, რომ რაიმე ეკონომიკური და სხვა პრობლემის შემთხვევაში, ღარიბთა რიგებს შეუერთდებიან.


ავტორი
სევგი ისმალბეილი

ფოტო/ვიდეო
გულდამ ჰასიდოვა
სომხეთი
სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, 2021 წელს სომხეთის მოსახლეობის 26,5% ანუ ყოველი მესამე სიღარიბეში ცხოვრობდა.

ეს მაჩვენებელი ახლოსაა წინა ორი წლის მაჩვენებლებთან. ამასთან, 1,5 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში იყო, ანუ საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე, რაც 2,1-ჯერ აღემატება 2020 წელს, რა დროსაც 0,7 პროცენტი იყო.

როგორ დაითვალეს ეს რიცხვები?

სომხეთში საარსებო მინიმუმი თვეში 57 744 დრამია (140 დოლარი). მაგრამ, როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების შემთხვევაში, საარსებო მინიმუმზე მცხოვრებთა და მის ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი იმდენად სქემატურია, რომ არ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში სიღარიბის რეალურ მაჩვენებლად.

ექსპერტები ადასტურებენ, რომ ისინი, ვინც საარსებო მინიმუმზე ცოტა მეტს გამოიმუშავებს, არ ხვდებიან სიღარიბის სტატისტიკაში – თუმცა მათი ცხოვრება არაფრით განსხვავდება სტატისტიკური ღარიბებისგან. ექსპერტები ამბობენ, რომ სომხეთში ღარიბი მოსახლეობის 45,7 პროცენტი ძალიან ახლოსაა აბსოლუტური სიღარიბის ზღვართან.

სომხეთი უფრო მითებში ცხოვრობს, ვიდრე რეალობაში, ამბობენ დამოუკიდებელი ეკონომისტები. ხელისუფლება საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, მაღალ ხელფასებზე და „რეკორდულად დაბალ“ ინფლაციაზე. თუმცა სტატისტიკა სულ სხვა ამბავს ჰყვება.

სიღარიბის დონე განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გეღარქუნის რეგიონშია, სადაც მოსახლეობის 48,1 პროცენტი ღარიბად ითვლება. ერევანში სიღარიბის მაჩვენებელი 15,9 პროცენტია.
რამდენი ღარიბი ადამიანია სომხეთში?
მარგარიტა
40 წლის მარგარიტა სარგსიანი სახლში საყიდლებით დაბრუნდა - პური, ყველი, მაკარონი ჩანთებში. ბავშვებისთვის მას სიურპრიზიც აქვს - გაზიანი სასმელი, რომელიც ამ ოჯახისთვის ფუფუნებაა. ოროთახიან ნაქირავებ ბინაში ერთი ახალი ნივთი არ არის, მაგრამ ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებულია. მარგარიტა ექვს შვილს მარტო ზრდის, მუშაობს ორ ადგილას - დღეში 17 საათი. ის 90 ათას დრამს [220$] გამოიმუშავებს. ასევე სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ დახმარებას 60 ათას დრამს [150 აშშ დოლარი].
ახალ ფეხსაცმელს ან შარვალს მხოლოდ უფროს შვილებს ყიდულობენ
„ეს თანხა უნდა გვეყოს ჭამისთვის, ტანსაცმლისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის, ბავშვები სკოლაში ვატაროთ. გამიმართლა, რომ ჩემი შვილები შეგნებულები არიან, ესმით სიტუაცია, არასდროს ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე მე შემიძლია. ხანდახან ვგრძნობ, რომ ბრაზდებიან, განსაკუთრებით ტანსაცმელზე, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. ისინი მხოლოდ ხუმრობენ, რომ მხოლოდ უფროსები იღებენ ახალ ფეხსაცმელს ან შარვალს. უმცროსები იძულებულნი არიან ატარონ ის, რაც უფროსებს დაუპატარავდებათ, ”- ამბობს მარგარიტა.

ამ სახლში ხორცს საუკეთესო შემთხვევაში კვირაში ერთხელ ამზადებენ, ხილსაც იშვიათად მიირთმევენ. იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებსაც მარგარიტა უფრო ხშირად ყიდულობს, არის პური, ფუნთუშები, ბურღულეული, მაკარონი.
სომხეთში მინიმალური ხელფასი ბოლოს 2020 წელს გაიზარდა - დაახლოებით 20 დოლარით. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება 60-70 პროცენტით გაუმჯობესდა.
ეკონომიკის მინისტრი ვაჰან კერობიანი აცხადებს, რომ მოსახლეობის რეალური შემოსავლები, ხელფასები ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა დაახლოებით 60-70 პროცენტით.
თუმცა, ოფიციალური სტატისტიკა ამას არ ადასტურებს.
• 2017 წლის ოქტომბერში სომხეთში საშუალო ხელფასი 18 8500 დრამი იყო [467$].

• 2021 წელს - 200000 დრამი [500$].

• 2022 წლის წინასწარი მონაცემებით - 236 900 დრამი (590$).

ანუ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სომხეთში საშუალო თვიური ხელფასი 48 400 დრამით [120 აშშ დოლარით] გაიზარდა, ანუ 25,7 პროცენტით - და არა 70 პროცენტით.
ინფლაცია აჭარბებს ხელფასებს
თუმცა, ქვეყანაში საშუალო ხელფასის ეს მატებაც კი მთავრობამ პლიუსად არ უნდა ჩაიწეროს, რადგან ეს მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედებს ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ინფლაციამ 25.5 პროცენტი შეადგინა.
სურსათზე ფასების რეკორდული ზრდა
2021 წელს ფასები საშუალოდ 13,9 პროცენტით გაიზარდა.

• პური 8,6%-ით გაიზარდა.
• ხორცი 9,7%-ით
• კვერცხი 51,3%-ით
• კარაქი 15,9%-ით
• შაქარი 39,4%-ით
• დაკონსერვებული რძე 10,4%-ით.

2022 წლის პირველ ნახევარში ფასები გაიზარდა საშუალოდ კიდევ 8,1%-ით - და ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ათი წლის განმავლობაში.

• საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 17,1%-ით.
• ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 10.5%-ით
• საბინაო და კომუნალური მომსახურება (წყალი, დენი, გაზი) 6.7%-ით.
• ბოსტნეულსა და ხილზე ფასები გაიზარდა შესაბამისად 45.8%-ით და 16.2%-ით.

ფასი გაორმაგდა:

• საცხობი პროდუქტები და მარცვლეული - 19,9%-ით.
• ხორცი - 11,6%-ით.
• რძის პროდუქტები და კვერცხი - 11%-ით.

ყველაზე ნაკლებად 2022 წელს ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა - 8,1%-ით, ხოლო შაქარი - 6,9%-ით.
მიუხედავად ინფლაციის მაღალი დონისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პენსიებისა და სოციალური შეღავათების მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა. ისინი საშუალოდ 1000 დრამით [2,5$] გაიზარდა.

შედარება:

სომხეთში 2021 წელს მინიმალური სასურსათო კალათა (საკვები) არის 37 861 დრამი [79 აშშ დოლარი].

მინიმალური სამომხმარებლო კალათა (საკვები და მომსახურება) არის 70,044 დრამი [145$].

მინიმალური სოციალური დახმარებაა 18000 დრამი [37$].

ანუ შემწეობა მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის ნახევარია.

მინიმალური პენსია 26500 დრამი ($65) ასევე არ შეესაბამება საარსებო მინიმუმის დონეს ოფიციალური გათვლებითაც კი.
ამ ფონზე სომხეთის ხელისუფლება საუბრობს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე 2022 წელს და აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა წინა წელთან შედარებით 13,1 პროცენტით გაიზარდა.
თუმცა, ადგილობრივი დამოუკიდებელი ეკონომისტები გვირჩევენ, უფრო დეტალურად შეხედონ ამ მაჩვენებელს - და დაინახონ, რომ ამ უნიკალურ ეკონომიკურ ზრდას საერთო არაფერი აქვს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხთან.
მარგარიტა
მარგარიტას ბინაში ღუმელთან შეშა დაწყობილია. მან ის ზაფხულში იყიდა, დაგროვილი ფულით. 1990-იანი წლებიდან დარჩენილი ღუმელი, როცა სომხეთში ენერგეტიკული კრიზისი იყო და ელექტროენერგია არ იყო, დღეში ორჯერ თბება - დილით და საღამოს, როცა ყველა სახლშია. ფანჯრები დაფარულია ცელოფნით, რომ სითბო დიდხანს შენარჩუნდეს.

„ის გვეხმარება, რომ ბავშვები ყოველდღე დადიან მზრუნველობის ცენტრში, სადაც უფრო თბილა და საჭმელია. ახალ წელს სადღესასწაულო ვახშამი გვაქვს - ქათამი და კარტოფილი, მანდარინი, წვენი, მეტი მინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მეტი არ გამოვიდა“.
ავტორი
სონა მარტიროსიანი

ფოტო
აკოპ ოგანესიანი

ვიდეო
არმან კარაჯაიანი
Made on
Tilda