„წადით მერე ევროპაში, ვინ გიშლით?“ რიწის ტბა და მისი ტურისტები

როგორ ისახება რუსეთში მომხდარი მოვლენები აფხაზეთის ტურისტულ ბიზნესზე და რითი არიან უკმაყოფილო ტურისტები და მასპინძლები
„შარშან ამ დროს გაცილებით მეტი ხალხი იყო“, - ერთხმად აღნიშნავენ აფხაზეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.

თუმცა, ოფიციალური სტატისტიკა საპირისპიროზე მიუთითებს: 2022 წელთან შედარებით, წელს აფხაზეთ-რუსეთის საზღვარის ფსოუს გამშვები პუნქტი 15 პროცენტით მეტმა ტურისტმა გადაკვეთა.

ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ახლახან დაიწყო, ტურისტული ბიზნესი აფხაზეთში უკვე გრძნობს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების -ანტირუსული სანქციებიდან დაწყებული „ვაგნერის“ წარუმატებელი „ამბოხებამდე“ დამთავრებული - შედეგებს.

ეს გასაკვირი არც არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აფხაზეთში უცხოელი ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა რუსები არიან.

ტურისტები უფრო ეკონომიურები გახდნენ


რიწის რელიქტური ნაკრძალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია აფხაზეთში. ინალი 10 წელია აქ მუშაობს და ტურისტებს ფარშევანგებთან ერთად უღებს ფოტოებს. ისიც ამბობს, რომ წელს ნაკლები ხალხია, ვიდრე 2022 წლის ივნისის ბოლოს. მისი თქმით, ტურისტული ჯგუფების შემადგენლობაც შეიცვალა.

„ძირითადად ქალები და ბავშვები ჩამოდიან“, - ამბობს ინალი და დასძენს, რომ დამსვენებლები უფრო ხელმომჭირნეები გახდნენ: თუ ადრე ნაკრძალში ყიდულობდნენ ღვინოს, ტკბილეულს, სუვენირებს, ახლა შესასვლელი ბილეთის მეტს არაფერს ყიდულობენ.

მას ეთანხმება მაია ლეიბა, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე კაფეს მფლობელი.

"მოდიან, აგროვებენ წყაროს მინერალურ წყალს და მიდიან", - ამბობს ის და საკუთარი სიტყვების დასტურად ცარიე;ი კაფისკენ და წყაროსთან პლასტმასის ბოთლებით ხელში შეკრებილების რიგისკენ მიუთითებს. კაფეში მხოლოდ ერთი მაგიდაა დაკავებული - რუსების ოჯახი ლანჩს ელოდება.

ადგილობრივი კაფეების შემოსავალი 2023 წლის ივნისში შესამჩნევად დაბალია, ვიდრე შარშან.


კვების ბიზნესი
დავიდი გალიდან


რიწის ტბაზე, დიდი რესტორნების წინ, როგორც წესი, ტურისტული ავტობუსები დგანან. განსაკუთრებით ბევრი ხალხი სადეგუსტაციო ოთახებთანაა.

მაგრამ ასევე არის პატარა რესტორნები, რომლებიც ნაკლებად პოპულარულია. შევდივართ ერთ-ერთ მათგანში, სახელად „ამზაში“ - პატარა სახლია ბზის ხეებს შორის. შიგნით არავინაა.


დავიდ ფირცხელიანი არის მიმტანიც და დირექტორის თანაშემწეც. ამბობს, რომ დილით 20 კაცი ასაუზმა: „აქ უფასო საუზმე გვაქვს ჩაით და ფუნთუშებით. ტურისტული სააგენტოები იხდიან. ასევე ლანჩზე გვეყოლება 40 ადამიანი“.

დავიდი ამბობს, რომ რესტორნის მფლობელს პერსონალთან დაკავშირებით არ გაუმართლა, რამაც კაფეს რეპუტაცია შელახა:

"თანამშრომლები მხოლოდ სეზონზე აგვყავს და წესიერად გაცნობას ვერ ვახერხებვთ. დაწესებულების რეპუტაცია დამოკიდებულია თანამშრომლების კეთილსინდისიერებაზე. თუ თანამშრომლები არ არიან დაინტერესებული ამაშე, მაშინ ისინი ძალიან არ ეცდებიან თავი მოაწონონ ტურისტებს“.


ტურისტების კომფორტისთვის თანხის გადახდა უკვე არა მხოლოდ ნაღდი ფულით, არამედ დავიდის საბანკო ბარათზე თანხის გადარიცხვითაც შეიძლება. ასე მუშაობენ რიწასი სხვა კაფეებიც. ეს ინოვაციაა, შარშან ასე არ იყო.
ინფრასტრუქტურა
ცივი წყალი და ხვრელი იატაკზე ტუალეტისთვის

ქუჩაში, ხელსაბანთან მშიერი ტურისტების რიგი ჩამომდგარა. ტრადიციულად, აფხაზეთში რესტორნის შიგნით ტუალეტები არ არის. გარეთა ონკანები ერთადერთი ადგილია, სადაც ხელების დაბანაა შესაძლებელი.

კაფის ზოგიერთი მფლობელი ცდილობს ამ ონკანების გაფორმებას - კედელი მოპირკეთებულია მდინარის ქვით, ზოგან ფილებითაც.

აქ მხოლოდ ცივი წყალი მოდის, სასაპნეში დამბლბალი საპონი დევს და არ არის ქაღალდის პირსახოცები. ზოგჯერ ჩვეულებრივ, ნაჭრის პირსახოცს ჰკიდებენ, მაგრამ ცოტა ვინმე თუ გაბედავს მის გამოყენებას ათეულობით ხელის შემდეგ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰიგიენის კუთხით პროგრესი შეინიშნება. ადრე აქ ტუალეტები საერთოდ არ იყო, ტურისტები ბუჩქებსა და ხეებს აფარებდნენ თავს. ამ სეზონზე რესტორნების უმეტესობამ გარეთ ბეტონის ტუალეტები დადგა, თუმცა კომფორტი აქაც არ არის - ეს არის მხოლოდ ხვრელი ბეტონის იატაკზე, არა აქვს ჩასარეცხი და როგორც წესი, საშინელი სუნია.

რიწის ხეობაში კანალიზაცია საერთოდ არ არის და ამიტომაც არ არის აქ ნორმალური სანტექნიკა. თუმცა, ეს ასევე დაკავშირებულია აფხაზეთში შენობებში ტუალეტების ტრადიციულ უგულებელყოფასთან. აფხაზეთში პრაქტიკულად არსად ვერ იპოვით ნორმალურ საპირფარეშოს.
„ხელისუფლება ორიენტირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ტურისტებისგან გარემოს დაცვაზე. აფხაზეთში უნდა იყოს გარემოსდაცვითი პოლიცია, მაგრამ ჯერჯერობით ეს ბიუჯეტისთვის სერიოზული ტვირთია. ამიტომ, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი მაგალითით უნდა აჩვენოს, როგორ მოვუაროთ აფხაზეთის ბუნებას“, - ამბობს აფხაზეთის ტურიზმის კავშირის პრეზიდენტი ანა კალიაგინა.

მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არაა, და ეს არ ეხება მხოლოდ გარემოს დაბინძურებას.

ნაკრძალში შენობების მასობრივი მშენებლობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა ეს კანონით აკრძალულია.

ეკოლოგია
რიწის ნაკრძალში გარემოსთვის საფრთხეები მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილია.

გასულ წლებთან შედარებით გაცილებით სუფთაა ტბა და მიმდებარე ხეობა. ზაფხულში ნაგავი ყოველდღე გააქვთ, რესტორნებში ავტონომიური დასუფთავების სისტემები შეიქმნა.

ასევე მოგვარდა პეპლების პრობლემა, რომლებიც 2015 წლიდან ანადგურებდა ბზას - ხეების უმეტესობა სპეციალური საშუალებით დაამუშავეს და მათი გადარჩენა მოხერხდა.

გართობა
წელს რიწის ხეობაში უფრო ექსტრემალური გართობა გამოჩნდა. ტარზანკები, საქანელები და ჯომარდობა მდინარე ბზიფზე არის მთავარი სათავგადასავლო ატრაქციონები.

ძნელი სათქმელია, რამდენად უსაფრთხოა ტურისტებისთვის. მიზნობრივი აუდიტი არ ტარდება.


აუადხარა
კიდევ ერთი პოპულარული ადგილია რიწის ხეობაში. ტურისტები ალპურ მდელოებზე “უაზებით” მიჰყავთ. აქ მთავარი გასართობია ცხენებით გასეირნება და ფოტოების გადაღება მთების ფონზე. ასევე აჭარის ჩანჩქერებსა და მზის ტბაზე ლაშქრობები.

რიწის ნაკრძალში ბალახების შეგროვება და ყვავილების კრეფა აკრძალულია, რადგან აქ წითელ წიგნში შეტანილი მთის ეგზოტიკური მცენარეები ხარობს.

ყველაზე ხშირად ტურისტებს შავი ტიტების დაკრეფა უნდათ, თუმცა ისინი საკმაოდ მაღალა ადგილას იზრდებიან და აქ ყველა ვერ ადის.
შავი ტიტები აფხაზეთის ალპურ მდელოებში ხარობენ. ისინი შეტანილია "წითელ წიგნში“
აგროტურიზმი
ნიკოლაი
აუადჰარა ცნობილია არა მხოლოდ იშვიათი სილამაზით, არამედ რძის პროდუქტებით: ყველით, მაწონით. თუმცა დღეს აქაურ პროდუქტებს ვერცერთ მაღაზიაში ვერ იპოვით. მთაში მეწველ ძროხებს საძოვრებზე აღარ მიერეკებიან. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ აუდარიანის ხეობაში ძალიან ბევრი მანქანა და ხალხია.

„მეწველი ძროხები ადრე მთაში აგვყავდა, ყველს ვაკეთებდით, ახარცვას (მაწონს). ახლა კი ეს პრობლემა გახდა. აქ დიდი ნახირის ყოლა პრობლოემაა, რადგან ბევრი ხალხია, ტურისტებსაც არ მოსწონთ ამდენი ძროხა“ – ამბობს ნიკოლაი, რომელიც ადგილობრივ ფერმაში მწყემსად მუშაობს.
„მეწველი ძროხები ადრე მთაში აგვყავდა, ყველს ვაკეთებდით, ახარცვას (მაწონს). ახლა კი ეს პრობლემა გახდა. აქ დიდი ნახირის ყოლა პრობლოემაა, რადგან ბევრი ხალხია, ტურისტებსაც არ მოსწონთ ამდენი ძროხა“ – ამბობს ნიკოლაი, რომელიც ადგილობრივ ფერმაში მწყემსად მუშაობს.
სამთო ტურიზმი
სამველ სამუელიანი
ერთზოლიან გზას მთის სოფელ აუდხარაში ტურისტებით სავსე უაზების კოლონა მიუყვება. გზა ცუდია, ამიტომ აქ ნელა უნდა იარონ. თან ალპური ბუნებით ტკბებიან.

მთის მწვერვალების ამფითეატრის ფონზე მწვანე ბალახს შეფენილი ძროხები ძალიან ლამაზი სურათია.

აქ ტურისტები ძირითადად ერთი დღით ადიან. თუმცა, ველური დასვენების მოყვარულები რჩებიან და კარვებს შლიან. მათ თან ახლავთ ადგილობრივი გიდები.

ერთ-ერთი მათგანია სამველ სამუელიანი. ის სტუდენტების ჯგუფთან ერთად, სამი დღით არის ამოსული.

სამველი ამბობს, რომ მიმსინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო: "მაისის არდადეგებზე მუშაობა საერთოდ ვერ მოვახერხეთ. ხალხი უბრალოდ არ ჩამოდიოდა. ივნისის პირველ ნახევარში კანტი კუნტად იყვნენ ტურისტები".

სამველისთვის ყველაზე მომგებიანი სეზონი 2021 წლის ზაფხული იყო:


"პანდემიის დრო იყო და ჩვენს გარდა ყველა მიმართულება დაკეტილი იყო. ჩვენთან ძალიან მდიდარი ხალხი მოვიდა. ასეთი კონტიგენტი პირველად ვნახე. არ დაზოგეს და მიხვდნენ, რომ მომსახურება და დრო ფული ღირს. დღეს ტურისტებს არ სურთ ბევრის დახარჯვა და ცდილობენ დახარჯული თანხიდან მაქსიმუმი გამოწურონ..
ზამთარში აქ კაიაკერების სეზონია - მათი, ვისაც მოსწონს მდინარეზე ჯომარდობა კაიაკით, პატარა სოლო ნავით, ამბობს სამველი:
"რუსეთში მდინარეების უმეტესობა ზამთარში იყინება, ამიტომ ისინი ჩვენთან მოდიან, რადგან ჩვენი მდინარეები წელიწადის ნებისმიერ დროს ვარგისია ჯომარდობისთვის“

ტურიზმის სამინისტრო აფხაზეთში არალეგალურ გიდებს ებრძვის. ტურიზმის შესახებ კანონის თანახმად, გიდად მუშაობა შეუძლია მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს, რომელსაც აქვს გავლილი კურსები და მიღებული აქვს სერტიფიკატი.

ტურიზმი ადგილობრივებისთვის
რადმირ აჰიბა
თუმცა, მათი უმრავლესობა, ვინც აუდჰარაში რამდენიმე დღით ჩამოდის, რჩება პანსიონატში. ეს არის საკმაოდ დიდი შემოღობილი ტერიტორია, სადაც განთავსებულია რვა ორსართულიანი სახლი და ერთი ხუთსართულიანი შენობა. პანსიონატის ხელმძღვანელი რადმირ აჰიბა ამბობს, რომ დამსვენებელთა 85 პროცენტი აგილობრივია, აფხაზეთის მკვიდრნი.
„ჯავშნების მიღებას საკმაოდ გვიან, 1 მაისს ვიწყებთ, რომ ადგილობრივებსავ ჰქონდეთ საშუალება დაჯავშნონ ოთახები. იმიტომ, რომ რუსი ტურისტები დასვენებას წინასწარ გეგმავენ, აფხაზებს კი ამის საშუალება არ აქვთ. ჯავშანი მაისამდე რომ გაგვეხსნა, მაშინ, დიდი ალბათობით, რუსები ყველაფერს დაიკავებდნენ და ჩვენი ადგილები აღარ იქნებოდა. ჩვენ ეს არ გვინდა“.
კომუნიკაციები
ნიკოლაი ლოკტევი
რიწის ნაკრძალში სილამაზე მთლად ველური არ არის. ორი წლის წინ აუადჰარას პანსიონატში მინი ჰიდროელექტროსადგური დაამონტაჟეს, რომელიც ხის სახლებს ელექტროენერგიით ამარაგებს. ამ დროისთვის ჰესი მათ მხოლოდ განათებით უზრუნველყოფს. მაცივრის და ტელევიზორის დენი მხოლოდ ადმინისტრაციას მიეწოდება.

ჰესი ნიკოლაი ლოკტევმა გამართა:

"ვაპირებთ დავაყენოთ მეტი USB მოწყობილობა ტელეფონების დასატენად. წყლის მოცულობა და სიმაღლე აქ არც ისე დიდია, რომ უფრო ძლიერი სადგური დაყენდეს. ეს აქ არც არის საჭირო", - ამბობს ის.
”ისინი ჰყვებიან, როგორ იმოგზაურეს ევროპაში და რამდენად ცუდია აქ ევროპასთან შედარებით”
რიწის ნაკრძალში უცხოელ ტურისტებს შორის ჭარბობენ წყვილები შვილებთან ერთად, მაგრამ ასევე ბევრი სპორტსმენია.

„აქ ვარჯიშისთვის კარგი ბილიკებია. და ბუნება არაჩვეულებრივია. მაგრამ სერვისი მოიკოჭლებს“, - ამბობს ველოსიპედისტი ალექსეი.

ადგილობრივი აფხაზები, რომლებიც დიდი ხანია კერძო სექტორში ტურისტების განთავსებით არიან დაკავებულნი, აღნიშნავენ, რომ ისინი გაცილებით მომთხოვნი გახდნენ.
„წელს ძველი კლიენტები ვერ ჩამოვიდნენ, რადგან რუსეთში ვითარება გაუარესდა. ბევრმა მოგვწერა, რომ ამ ზაფხულს საშუალება არ აქვთ. თუმცა, ჩამოვიდნენ სხვები, უფრო პრეტენზიულები. გვიყვებიან, როგორ იმოგზაურეს ევროპაში და რა ცუდია აქ. კი ბატონო, წადით, ვინ გაკავებთ. ყველა ქვეყანა ხომ არ არის მათთვის დაკეტილი“, - ამბობს ერთ-ერთი სასტუმრო სახლის მფლობელი ნადეჟდა ჩამაგუა.
„ახალი“ ტურისტები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ აფხაზეთში ბევრ ადგილას არის ნგრევის კვალი. ასევე, წუწუნების იმის გამო, რომ პერიოდულად ითიშება ელექტროენერგია, გზები ცუდია, სანაპიროზე დიდი ქვები, არ არის დიდი სუპერმარკეტები და ცოტა რესტორანია.

"ზოგს კარგად არ ესმის, სად მოვიდნენ.აქ სერვისებს ითხოვენ“ - ამბობს ნადეჟდა.
აფხაზეთის ტურიზმის კავშირის პრეზიდენტი ანა კალიაგინა ამბობს, რომ წელს ტურიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ხაზს უსვამს ამ ორს:

მიღებულ იქნა კანონი, რომელიც კრძალავს საცურაო კოსტუმებით სანაპიროს გარეთ სიარულს.

ამოქმედდა ვირუსებსა და საშიშ ბაქტერიებზე ზღვის წყლის მუდმივი მონიტორინგის სისტემა.


მისი აზრით, 2023 წლის ზაფხულის სეზონი ნორმალური დინამიკით გრძელდება.
ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ტურისტები ცდილობენ არ დასახონ გრძელვადიანი გეგმები და ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს მრავალი გარე ფაქტორი.

ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა საოჯახი სასტუმროს დიასახლისი ინა კვიცინია:

ჩემი თითქმის ყველა ოთახი დაჯავშნული იყო. მაგრამ როგორც კი „ვაგნერმა“ ბუნტი მოაწყო რუსეთში, რამდენიმე ოჯახმა გააუქმა ჯავშანი, რადგან მათი ქმრები შვებულებიდან დაიბარეს. და ცოლებმა დაიწყეს წინასწარი გადახდის დაბრუნების მოთხოვნა. ახლა გამუდმებით ვაკვირდები სიახლეებს, რათა გავიგო რა გველოდება - გვეყოლებიან თუ არა ტურისტები“.
JAMnews
ტექსტის, ფოტოს და ვიდეოს ავტორი მარიანა კოტოვა, აფხაზეთი


სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
მედიაქსელის მხარდაჭერით
Made on
Tilda