"მამაჩემი კრიმინალური ავტორიტეტია"

შვილების მიერ მოყოლილი სამი ამბავი
"მამაჩემი კრიმინალური ავტორიტეტია"
შვილების მიერ მოყოლილი სამი ამბავი
კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების აღზევების ხანა საქართველოში 90-იანი წლები იყო.

ეს იყო დრო, როდესაც ლამის ყველა გოგო კრიმინალური ავტორიტეტის ცოლობაზე ოცნებობდა, პატარა ბიჭები კი, კითხვაზე, რა გინდა გამოხვიდე რომ გაიზრდები, პასუხობდნენ - კანონიერი ქურდი. ეს იყო ხანა, როდესაც დანაშაული რომანტიზებული იყო, კრიმინალები კი რაინდებად მიჩნეული. მათ თავიანთი წესდება ჰქონდათ, პატივისა და ღირსების საკუთარი გაგება.

მას შემდეგ საქართველო ძალიან შეიცვალა, კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაშიც დიდ პროგრესს მიაღწია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მემკვიდრეობას, რომელიც ამ სამყარომ დატოვა, ქვეყანამ დღემდე ვერ დააღწია თავი.

ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში დღესაც ცოცხალია ის მითები, რომლებიც "ქურდულ სამყაროს" უკავშირდება და აქტუალურია ის წესები და მენტალობა, რომელსაც ეს სამყარო იზიარებს.

JAMnews-ის ამ პროექტში სამი მონოლოგია, სადაც შვილები ჰყვებიან საკუთარ მამებზე - კრიმინალური ავტორიტეტებზე. ისინი იხსენებენ ბავშვობას, ტრავმებს და მამებთან ურთიერთობას.


  • შვილი

    ლაშა ბერულავა, 50 წლის. ჟურნალისტი
    ზუგდიდი
  • მამა

    დაზი ბერულავა
ლაშა მამასთან ერთად
ჩვენს ოჯახში უცნაურად მოხდა ეს ამბავი.

ზოგადად, როცა ბავშვებს „სახელოვანი“ მამა ჰყავთ, ისინი პატარაობიდანვე იგებენ ამის შესახებ. ასეთი ამბები სიამაყეა ხოლმე ოჯახში და მერე ეს სკოლაშიც გრძელდება. მე ამის შესახებ მეოთხე კლასში გავიგე.

ერთ დღეს ბიჭები „შატალოზე“ ვიყავით აუზზე. კონსერვი, ლავაში და ყველი გვქონდა გაშლილი. ვისხედით და ვნადიმობდით. უცებ, ერთმა უფროსმა კაცმა ჩაიარა. სკოლის საათებში აუზთან რომ დაგვინახა პატარა ბიჭები, გვარები გვკითხა, ვისი შვილები ხართო. „ფირცხალავა, გერგედავა...“ ჩამოთვალეს ჩემმა ძმაკაცებმა. მეც ვუთხარი, ბერულავა-მეთქი. დაზი ვინ არის შენიო, მკითხა. მამა-მეთქი, ვუპასუხე. უცებ გაშეშდა კაცი.
„კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტი გასული საუკუნის 30-იან წლებში, სტალინის დროს გაჩნდა. საბჭოთა პერიოდში ამ ტიტულს მთელი სსრკ-ს მასშტაბით რამდენიმე ასეული კრიმინალური ავტორიტეტი ამაყად ატარებდა.

კანონიერი ქურდის სტატუსის მინიჭება ხდება სულ მცირე ორი კანონიერი ქურდის გადაწყვეტილებით – ამ პროცედურას კრიმინალურ სამყაროში „ნათლობას“ უწოდებენ.

ტრადიციულად, საბჭოთა კავშირის მასშტაბით კანონიერი ქურდების რაოდენობით ქართველები მეორე ადგილზე იყვნენ რუსების შემდეგ.

დღეს, საერთოდაც ლიდერობენ. პოპულარულ საიტზე primecrime.ru, რომელიც კრიმინალურ სამყაროს ეძღვნება, აღნიშნულია, რომ დღეს აქტიური სტატუსის მქონე კანონიერი ქურდების 58 პროცენტი ქართველები არიან.

"კანონიერი ქურდი" არ ცნობს მართლმსაჯულების ოფიციალურ სისტემას. მას ეკრძალება მუშაობა, სახელმწიფოსგან ფულის მიღება და სახელმწიფოსთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მაგალითად, ჯარში მსახურება. ის ხელმძღვანელობს კრიმინალურ ქსელს, თუმცა თავად არ იღებს უშუალო მონაწილეობას კრიმინალურ ქმედებებში.

წამოვიდა ჩემკენ. დავიბენი, ვერ მივხვდი რას შვრებოდა. მოვიდა, ორივე ხელი თავზე მომკიდა და შუბლზე მაკოცა. გაშეშებული ვიჯექი და უცებ მეუბნება - მამაშენმა ქურდობას თავი რომ დაანება და კომბინატში დაიწყო მუშაობა, სრულიად საკავშირო ქურდები (все союзный вор) ჩამოვიდნენ და კომბინატის შესასვლელთან მამაშენის სადღეგრძელო დალიესო. აი, ეგეთი მამის შვილი ხარო.

კიდევ უფრო გავშეშდი. წარმოდგენაც კი არ მქონდა ამ ყველაფერზე. ჩემმა კლასელებმაც არ იცოდნენ და მაშინ, იმ დროს და იმ ასაკში, ხომ წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავდა მათთვის? იმ დღეს მთელი დღე მარტო ამაზე ვლაპარაკობდით. მე თავიდან ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, დაბნეული ვიყავი.
მაშინ, ეს ყველაფერი საამაყო იყო და რომ გავიგე, მეც ვამაყობდი. სადღაც მერვე კლასამდე ვახსენებდით ხოლმე დაზის სახელს მე და ჩემი მეგობრები. ცოტა რომ წამოვიზარდე და მამასთან ამ თემაზე ლაპარაკი დავიწყე, ვხვდებოდი, რომ დიდად არ ამაყობდა თავისი წარსულით. ვერ ვიტყვი რომ რცხვენოდა, მაგრამ უნდოდა ჩემთვის სამაგალითო მამა ყოფილიყო. ქურდობა კი კარგ მაგალითად არ მიაჩნდა.

ყოველთვის ცდილობდა სხვა ღირებულებები ჩაენერგა ჩემთვის - სიკეთე, უანგარობა და სწავლის მიმართ ინტერესი. მეც კითხვა და ლექსების წერა მიყვარდა, ამიტომ თავისთავად სხვა მიმართულებით წავედი.

არ ამაყობდა თავისი წარსულით, იმის მიუხედავად, რომ ამ სამყაროს უბრალო და რიგითი წევრი არ ყოფილა, გამორჩეული იყო.
ყველაზე პატარა “მოინათლა” - 19 წლის იყო, კანონიერი ქურდი რომ გახდა. შემდეგ კი თავისი ინიციატივით წამოვიდა ამ სამყაროდან. ასეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება.
ეს ყველაფერი ჩემ დაბადებამდე მოხდა. მაშინ ჯერ ცოლიც არ ჰყავდა. ძველმოდური იყო და ძველ ტრადიციებს მისდევდა - ქურდს ოჯახი არ უნდა ჰყოლოდა. ოჯახი შეიძლებოდა სუსტი წერტილი აღმოჩენილიყო, რომელსაც პოლიცია ქურდის წინააღმდეგ გამოიყენებდა.

ვინ „გნათლავს“, ამას ჰქონია ძალიან დიდი მნიშვნელობა თურმე. მამაჩემი ჩიტა ბეზუხამ (без ухо) მონათლა. ყური არ ჰქონდა, ჩხუბში მოაჭამეს. ამ დროს მამაჩემის მამიდაშვილი, მასზე 15-16 წლით უფროსი, რუსეთის რომელიღაც კოლონიაში ყოფილა დაჭერილი და მისთვის უთქვამთ - ქსანში მოინათლა დაზი ბერულავა, ძალიან საიმედო ქურდიო. ამ კაცს გასცინებია, ეგ ვიგინდარა გაიზარდაო? იმას ხომ პატარა ახსოვდა. ამ სიტყვების გამო კინაღამ სცემეს ის კაცი.

19 წლის იყო და უკვე სერიოზული ქურდი იყო. 10 წლის შემდეგ, სასჯელი რომ მოიხადა, ბებიაჩემს უთქვამს - ამ საქმეს თავს თუ არ დაანებებ, შიმშილობას დავიწყებო. მამაჩემმა ყურადღება არ მიაქცია.
კომუნისტური ეპოქა და 90-იანი წლები საქართველოში ქურდული სამყაროს აღზევების ხანა იყო.

ვითარება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2003 წელს "ვარდების რევოლუცია" მოხდა.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა.

ამ მიზნის მისაღწევად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სრული რეორგანიზაცია განხორციელდა. პარალელურად, ტელევიზიით რეგულარულად აჩვენებდნენ, როგორ აკავებდნენ კრიმინალებს სპეცოპერაციების შედეგად.

2005 წელს ქართულ კანონმდებლობაში პირველად გაჩნდა ცნება „კანონიერი ქურდი“. თუკი ადამიანი აღიარებდა, რომ არის კანონიერი ქურდი, მხოლოდ ამ სტატუსის გამო (კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გარეშე) მას ხუთიდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. (ეს კანონი იყო გათვლილი იმაზე, რომ "ქურდული კანონებით", კანონიერ ქურდს არა აქვს უფლება უარყოს, რომ იგი კანონიერი ქურდია. არა აქვს მნიშვნელობა ვინ და რა ვითარებაში დაუსვამს მას ამ შეკითხვას)

შედეგად, საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტები ფაქტობრივად აღარ დარჩნენ - მათ ან ქვეყანა დატოვეს ან გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. ისინი ცალკე დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს, ჩამოართვეს ის პრივილეგიები და ძალაუფლება, რომელიც ციხეში სხვა მსჯავრდადებულებზე ჰქონდათ. ციხის მაკონტროლებლად ადმინისტრაცია იქცა და არა "ქურდები".

თუმცა, ამ ბრძოლას მეორე მხარე ჰქონდა - ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა პატიმართა რაოდენობა, ციხის ადმინისტრაცია კონტროლის მკაცრ მეთოდებს მიმართავდა - მათ შორის ძალადობას, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი, რაც "ქართული ოცნებამ" გააკეთა, მასობრივი ამნისტიის გამოცხადება იყო. იმ დროისთვის პატიმრობაში მყოფთა ნახევარზე მეტმა ციხე დატოვა. დაიწყო პენიტენციური სისტემის რეფორმა, დაიხურა ციხეები, სადაც პატიმრები არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. მსჯავრდადებულთა უფლებების მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, ამ პროცესს ასევე ჰქონდა მეორე მხარე - ადმინისტრაციის მხრიდან კონტროლის შესუსტებისთანავე კვლავ გაიზარდა კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა ციხეებზე.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2020 წელს თავის ყოველწლიურ ანგარიშში მიუთითებდა, რომ ციხეებში საგანგაშოდ გაიზარდა "არაფორმალური მმართველობა".
ლაშა ბერულავა საოჯახო ალბომს ათვალიერებს. ფოტო: დავით ფიფია
ბებიაჩემმა აიღო ჯაჭვი, წელზე შემოირტყა და გასაღები გადაყლაპა. დაიწყო შიმშილობა. მამაჩემმა აცადა ერთი ორი დღე და რომ მიხვდა, ბებია დანებებას არ აპირებდა, თვითონ დანებდა.

სოხუმში ყოფილა რესტორანი „ამრა“. ამ რესტორანში მოუწვევია მამაჩემს კრება, ასე ვთქვათ „სხოდკა“, რომელზეც რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ ჩამოსული სერიოზული ქურდები. აიღო მამაჩემმა თითქმის ერთ მილიონამდე ფული, ე.წ. „ობშიაკი“ და ჩააბარა მათ - მე დედაჩემის გამო მივდივარო. წამოსვლაც რაღაცნაირი ღირსეული ჰქონდა.

წამოვიდა და ელექტრიკოსად დაიწყო მუშაობა ზუგდიდის კომბინატში. ფაქტობრივად, 29 წლის ასაკში თავიდან დაიწყო ცხოვრება. კომბინატში დედაჩემს შეხვდა და დაქორწინდა. მერე ჩვენც გავჩნდით. ორი ძმა და ერთი და ვართ. მე ყველაზე უფროსი ვარ.

მაინც რაღაც მოწიწებას ვგრძნობდი ხოლმე მეზობლებისგან მის მიმართ. არადა, ელექტრიკოსი იყო. თავიდან ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატომ იწვევდა ამ მოწიწებას სხვებში. მერე ყველაფერს მივხვდი.
მეც მახსოვს შლაპიანი, უცნაური კაცები სახლში. წლების მერე, მაინც მოდიოდნენ ხოლმე რჩევისთვის. რესტორანში არასდროს მიყვებოდა მათ. სახლში დავსხდეთო ეუბნებოდა და იქ ლაპარაკობდნენ.
ძალიან მკაცრი, მომთხოვნი იყო და არ უყვარდა უწესრიგობა, ტყუილი. ვერ იტანდა, ვინმეს რამეს რომ დავაბრალებდი. თავისი წესები ჰქონდა. მეც გამომყვა მისი წესები - ყველაფერი თავის ადგილას უნდა იდოს.

სხვებიც ახასიათებდნენ, როგორც გაბედულ და სამართლიან ადამიანს. ყოველთვის პირველი გარბოდა ყველგან. სახლში ყოველთვის ჰქონდა სამშენებლო ჩაფხუტი. სამეზობლოში ერთხელ ხანძარი გაჩნდა და მაშინვე დასტაცა ხელი ჩაფხუტს და გაიქცა. ხანძარი ჩააქრო და ხალხიც გამოიყვანა. გამოუვალ სიტუაციებში მოქმედების ძალიან კარგი უნარი ჰქონდა.

ერთხელ, გოგო გათხოვდა ჩვენი ქუჩიდან. ქორწილში ლექტორები და პროფესორები ჩამოვიდნენ თბილისიდან. ერთ-ერთი პროფესორი თამადა იყო, მამაჩემი - თამადის მოადგილე. ქეიფის დროს ამ პროფესორს უკითხავს, თამადის მოადგილეს რა აქვს დამთავრებულიო. უთხრეს, 10 წელი კანონიერი ქურდი იყოო. მამაჩემს ცოტა შერცხვა თურმე და უთქვამს, რას ეუბნებოდი, გეთქვა რომ ფილოლოგიური მაქვს დამთავრებულიო.
ლაშა ბერულავა და მისი ძმა მამის საფლავთან. ფოტო: დავით ფიფია
ზრდასრულ ასაკში მასთან ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მიჭირდა. ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩემს დაბადებამდე მოხდა და მან თავად თქვა უარი. ეს ყველაფერი ლეგენდად დარჩა თითქოს. მე სულ ვამაყობდი იმით, რომ მან თავად თქვა ამ ყველაფერზე უარი და საკუთარი ცხოვრების სრული ტრანსფორმაცია მოახდინა.

გული ჩამეწვება ხოლმე, როცა ვიხსენებ, რამდენი მარტივი, ცხოვრებისეული დეტალი არ იცოდა. ერთხელ ნახევრად აწყობილი ველოსიპედი მიყიდა. მაშინ ასე იყიდებოდა ველოსიპედები, სახლში უნდა აგეწყო. სცადა მამაჩემმა და ააწყო. მეც კმაყოფილი დავჯექი და გავქროლდი გარეთ. მეგობრებმა რომ დამინახეს, დამცინეს - საჭე რას გიგავსო. თურმე უკუღმა დაუმაგრებია საჭე. საიდან ეცოდინებოდა? ციხეში ველოსიპედზე ვინ დასვამდა.

2014 წელს გარდაიცვალა, 74 წლის. მე თბილისში ვიყავი და ვერ ჩავუსწარი. ძალიან მძიმედ მახსენდება ის საღამო. დიდი მეგობრები ვიყავით.

ძალიან უხაროდა, როცა ოდიშის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. მაშინ იქმნებოდა ეს ტელევიზია და ყველა გვცნობდა ქუჩაში. ძალიან ამაყი იყო - ადრე შენზე ამბობდნენ დაზის შვილია, ახლა კი მე გავხდი შენი მამაო.

  • შვილი

    ზურა ჯიშკარიანი, 37 წლის, მწერალი.
    სოხუმი
  • მამა

    ზურაბ ჯიშკარიანი
მე ძალიან ცუდი გენები მაქვს. დიდი ბაბუა კანონიერი ქურდი იყო, ამბაკო ჯიშკარიანი. მეორე ბაბუა მკვლელი და ბანკის მძარცველი. კიდევ ერთი ბაბუა ხულიგანი და მეორე მსოფლიო ომის დეზერტირი. მთელი ეს ტრავმები - ყაჩაღობა, მკვლელობა, კრიმინალი, ნარკომანია ჩემშია გადმოცემული ტარნსგენერაციულად.

ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა: მოფენილი გვამები, აფეთქებული კორპუსები, ლოთი და ნარკომანი მამა, სიღატაკე და დევნილობა.

მაშინ ვერ აღვიქვამდი რა ხდებოდა - მძაფრსიუჟეტიან თამაშში მეგონა თავი, ოღონდ რამდენიმეს ნაცვლად, ერთი სიცოცხლე მქონდა.

რვა წლის ვიყავი გემით რომ წამოვედით სოხუმიდან. მამაჩემი კოდორის გზით წამოვიდა. ომიდან მარტო მთავარი მომენტები მახსოვს: კორპუსი, რომელიც იწვის. შენს თვალწინ დაბომბილი სახლი არასდროს დაგავიწყდება.

თუმცა, მე არაფრით გამორჩეული არ ვარ, მთელმა ჩემმა თაობამ ეს გამოიარა. და ახლა, ეს თაობა მოდის პოლიტიკის, ხელოვნების და სხვადასხვა სფეროს სათავეში - პოსტ-ტრავმატული სტრესით დაავადებული თაობა.
ნარკოტიკი მამაჩემის იდენტობის განმსაზღვრელი იყო. სოხუმში კრიმინალური ავტორიტეტი, ძალიან კარგად „გულაობდა“ სანამ ომი დაიწყებოდა. წონიანი სახელი ჰქონდა, „რაზბორკებზე“ დადიოდა, ქურდებს ხვდებოდა, წამალს იკეთებდა, ულამაზესი ცოლი ჰყავდა და მოკლედ, თავის სტიქიაში იყო. აწყობილი ჰქონდა ცხოვრება.

ჩემი მოგონება ამ „აწყობილი“ ცხოვრებიდან არის გალურჯებული მამაჩემი, რომელსაც ვენაში ნემსი აქვს გარჭობილი და კვდება. „იპარებოდა“, მაგრამ გადარჩა. მე ამას შევესწარი. ღრმა ბავშვობიდან მარტო ეს მახსოვს ჩემი და მისი ურთიერთობიდან.

კრიმინალური გადმოსახედიდან, ომში არ უნდა წასულიყო. ქურდული მენტალიტეტით, ომში წასვლა არ შეიძლება - ფორმა გაცვია და სახელმწიფოს ბრძანებას ასრულებ. თუმცა, მამაჩემმა ამგვარი ამბოხი მოაწყო და მაინც წავიდა ომში.

ჩვენი გემი, რომლითაც სოხუმიდან წამოვედით, ბათუმში მიდიოდა, მაგრამ ფოთში მოხვდა. ამიტომ, ჩვენც ფოთში დავრჩით და სკოლა იქ დავამთავრე. მამაჩემი ერთი-ორი წლით წავიდოდა ხოლმე მოსკოვში, მერე ჩამოვიდოდა და რამდენიმე თვით მოგვინახულებდა.
ზურა ჯიშკარიანი/პირადი არქივიდან
ძალიან ბევრი რამ მასწავლა, რამაც კიდევ ასჯერ უფრო მეტად დამაზიანა. მასწავლიდა, როგორ უნდა მეცხოვრა გაგების მიხედვით, ვაჟკაცურად და კაცურად. ერთხელ თუ დამარტყამდნენ, მე ხუთჯერ უნდა დამერტყა.

მთელი სამყარო, რომელიც მე ბავშვობაში ამიხსნეს, ამიხსნეს არაფხიზელ მდგომარეობაში. მე ეს სამყარო, რომელშიც უნდა მეცხოვრა, გაგებული და შემეცნებული მაქვს არაფხიზელი ადამიანისგან.

ამ სწავლებებს შორის დედას თეატრალურ წრეზე და ფორტეპიანოზე დავყავდი. მამას ამას ვუმალავდით. ხელოვანები „პიდარასტები“ არიანო, ამბობდა.

შემდეგ, ისე მოხდა, რომ მისი მიმბაძველობით მეც 16 წელია ნარკომანი ვარ. წამალი პირველად 13 წლის ასაკში გავსინჯე. დავდიოდი და სახლებს ვტეხავდი, ვძველბიჭობდი. ჩემი ოჯახის წევრების სახელებს მაშინ შელოცვასავით ვამბობდი - ამის ის ვარ, იმის ეს. ბევრჯერ გადავურჩენივარ მათ სახელებს და ამ მხრივ, გამიადვილდა 90-იანი წლები.

გზა, რომელიც წინაპრებმა გამიკვალეს, ჯუნგლებში და მგლების ხროვაში გადიოდა. აბა, პროფესორებთან ან არტისტებთან რომ მეთქვა, ამის და ამის შვილი ან შვილიშვილი ვარ-მეთქი, ვინ ჩემი ფეხები ხარო, მეტყოდნენ.
სადღაც 15 წლის რომ ვიყავი, მამას ვუთხარი, რომ ქურდობა მინდოდა. დამისვა და სადღაც სამი-ოთხი საათი მელაპარაკა, რატომ არ უნდა მექნა ეს.
ერთის მხრივ, სულ მასწავლიდა მგლურ კანონებს - როგორ უნდა მეჩხუბა, „მებაზრა“, როგორ უნდა გამეტანა თავი და გადავრჩენილიყავი, მაგრამ მეორე მხრივ მეუბნებოდა, რომ ნარკომანები და კრიმინალები არიან საშინელი ხალხი; რომ მთელი ცხოვრება ციხეში და პოლიციის პრესში უნდა გამეტარებინა. სერიოზულად დამელაპარაკა და მითხრა, რომ არ გზით არ წავსულიყავი.

ჩემშიც, თითქოს ორი სამყარო არსებობდა. როცა ვუთხარი, რომ ქურდობა მინდოდა, რამდენიმე თვეში სილამაზის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. და მოვიგე. მთელი უბნის ბიჭებმა გაიგეს, ვისთან ერთადაც სახლებს ვძარცვავდი, მაგრამ ვერავინ ვერაფერი მითხრა. მამამ, რა თქმა უნდა არ იცოდა.
გიგი თევზაძე, ფილოსოფოსი:

შუა საუკუნეების ბერების ორდენის შემდეგ, არსად მსოფლიოში მსგავსი რამ არ შექმნილა. ეს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ნოუ-ჰაუ იყო - როგორ უნდა აკონტროლო საზოგადოება, ისე, რომ საზოგადოებას არ ეგონოს, რომ შენ მას აკონტროლებ.

თავიდან ქურდების ინსტიტუტი „ლაგერების“ კონტროლისათვის შემოიღეს. დიდი რაოდენობის პატიმრების გასაკონტროლებლად არ ჰყოფნიდათ ხალხი, ამიტომ ვიღაცა ძალიან ჭკვიანმა და ძალიან ბოროტმა ეს სისტემა მოიფიქრა. მე უფრო ძერჟინსკი მგონია ამ სისტემის ავტორი, ვიდრე სტალინი, რადგან ძერჟინსკი კათოლიკურ ოჯახში იყო გაზრდილი და კათოლიკური განათლება ჰქონდა. ამ სისტემის მომფიქრებელი კი, აშკარად კარგად იცნობდა კათოლიციზმს.

მოგვიანებით, როდესაც ბანაკებიდან ხალხი გაუშვეს, გამოვიდნენ ქურდებიც. გარეთ ისინი უკვე მთლიანად საზოგადოების კონტროლის მექანიზმად გადაიქცნენ და რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კავშირში იყვნენ ხელისუფლებასთან, მილიციასთან, უშიშროებასთან. მათი კოდექსი რომანტიკული იყო იმიტომ, რომ კრძალავდა ქონების არსებობას, ოჯახის არსებობას, აღიარებდა პრინციპებს, რომელსაც ყველა იზიარებდა.

თუ სისტემით უკმაყოფილო იყავი, საბჭოთა დროს ორი გზა გქონდა - ან დისიდენტობა ან ქურდობა. საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად გიბიძგებდა, რომ მეორე ვარიანტი აგერჩია.

საქართველოში ყოველთვის დიდი წინააღმდეგობა იყო საბჭოთა კავშირის მიმართ. შესაბამისად, რადგან წინააღმდეგობა დიდი იყო, ბევრი უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამიტომ, საბჭოთა ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა, რომ გაეშვა ეს ხალხი არა დისიდენტობის გზით, არამედ - ქურდული გზით.

დისიდენტობის გზა თან ცოტა რთული იყო - ინტელექტუალი უნდა ყოფილიყავი. ამიტომ საქართველოში ბევრმა აირჩია ეს სიმულაციური წინააღმდეგობის გზა.

მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის ნგრევა რომ დაიწყო, სახელმწიფომ შეასუსტა კონტროლი კანონიერმა ქურდებზე. მათ მომენტალურად აუღეს ალღო სიტუაციას და დაიწყეს გადაკეთება კრიმინალურ ბიზნესებად.

80-ანი წლების მერე კანონიერი ქურდები უკვე აღარ ჰგავდნენ ბერების ორდენს, ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ფულს აკეთებდნენ, სასახლეებს იშენებდნენ.

დღეს ეს ინსტიტუტი არსებობს როგორც მაფია და არა როგორც კანონიერი ქურდების ინსტიტუტი ძველი გაგებით.
საბოლოოდ, ჩემმა შემოქმედებითმა იმპულსმა იმძლავრა. რვა წლის ასაკიდან ვწერ. მერე თეატრალურმა წრეებმა და მუსიკამაც გამიტაცა და საბოლოოდ, მივხვდი, რომ მე მაინტერესებს ვარსკვლავიანი ცა.

ჩემი მიზანია ჩემი ცუდი გენეტიკა ჩემზე გაჩერდეს. ან შვილს საერთოდ არ გავაჩენ და ეს გენი ჩემით დამთავრდება, ან გავაჩენ და გავზრდი ჯანსაღ, ჯანმრთელ ადამიანს, რომ ეს მოჯადოებული წრე გავარღვიო. ძალიან ბევრი ვისწავლე, როგორ უნდა გავზარდო ჯანსაღი შვილი.
არსებობს მითი, რომ კრიმინალური ავტორიტეტები მაგარი ტიპები არიან, ნახევარ ქალაქს აკონტროლებენ და საინტერესო ცხოვრება აქვთ. სინამდვილეში, ეს მაგარი ტიპი ყოველდღე შეშინებულია, სახლში სულ დანევროზებულია, ცოლი სულ ცუდადაა და ბავშვები სულ ნევროზში იზრდებიან.
საბოლოოდ, ეს კონტროლიც სრული ილუზიაა. მჯობნის მჯობი არ დაილევა და ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც შენზე ძლიერი იქნება და შეგჭამს. ეს ძალაუფლებაც ერთ წამში შეიძლება სამუდამოდ გაქრეს.

პირველი მუსიკალური ჯგუფი რომ შევქმენი, მამაჩემს წლების განმავლობაში ვუმალავდი. მანამდე, რომ გაიგო ვუკრავდი, ძალიან აღელდა, მაგრამ იფიქრა მალე გაივლიდა. თავიდან კონფლიქტები გვქონდა, მაგრამ მერე დავსხედით და ძალიან „ქურდული“ საუბარი გვქონდა, როგორც ორ ზრდასრულ კაცს. იმან თავისი ამიხსნა, მე ჩემი ავუხსენი და საბოლოოდ, როგორც უფროსმა, დამითმო. დღეს ჩემი ნომერ პირველი თაყვანისმცემელია. მირეკავს და ყველაფერს მეკითხება, ყველაფერი აინტერესებს ჩემი. ძმაკაცებად ვიქეცით.
მესამე წელია ფსიქოთერაპიას გავდივარ და ორი წელია მამაჩემზე ვმუშაობთ. კუმირად მყავდა ქცეული და თან საშინლად გაბრაზებული ვიყავი მასზე. 36 წლის ასაკში კი გავიაზრე, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და საბოლოოდ, ერთი წლის წინ შევიყვარე ისეთი, როგორიც არის.

ნელ-ნელა მოვიყვანე აქამდე. ჯერ დედამ ჩემი სტატია წააკითხა - მოეწონა. მერე წიგნი დავწერე და ჯილდო ავიღე - გაუსწორდა.

ჩემი ნარკომანიის მიუხედავად, დაინახა, რომ სარგებლის მოატანა შემიძლია და საზოგადოებისთვის პოზიტიური ფიგურა ვარ. ამან გამოიწვია მასში გარდატეხა. მიხვდა, რომ მე ვარ ის, რაც თვითონ არასდროს არ იყო.

დღეს 27-ე დღეა, რაც სუფთა ვარ. [ზურა ნარკომანიას ებრძვის სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამის დახმარებით_JAMnews].

  • შვილი

    ბასტი მგალობლიშვილი, 28
    ჟურნალისტი, კინოკრიტიკოსი
    ჩოხატაური
  • მამა

    კახა მგალობლიშვილი
ძალიან ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ავტორიტეტის შვილობა არ ნიშნავს, რომ განსაკუთრებულია შენი ცხოვრება.

ხშირად ჰგონიათ, რომ ასეთი ცხოვრება საინტერესოა და სულ რაღაც ხდება. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. მშვიდი, კარგი ბავშვობა მქონდა.

ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა მამასთან, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდ დროს არ ვატარებდით ერთად. სახლში ხშირად არ იყო.
ღამით, მისი მანქანის შუქის მოახლოება მახსოვს და სიხარულის შეგრძნება, რომ მამა მოვიდა. ძირითადად მანქანაში ვატარებდით დროს ერთად. ბაღში მოკითხვა და სახლში წაყვანა ჩვენი რიტუალი იყო. ერთ-ერთ მოკითხვაზე მანქანაში დიდი ძაღლი დამახვედრა საჩუქრად. უბედნიერესი ვიყავი. ერთხელ მაიმუნიც კი მომიყვანა სახლში.
ცხოველები და კინო გვაერთიანებდა. ახალი, იმ დროს პოპულარული ფილმების ვიდეო კასეტები მოჰქონდა ხოლმე - „ტიტანიკი“, „ნათლია“, „მამაცი გული“ და ა.შ. ყველაზე კარგად სწორედ ჩვენი კინოსეანსები მახსენდება.

ბავშვობიდან ვხვდებოდი, რომ ადამიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ. შეიძლება წარმოუდგენელი ჰიბრიდია, მაგრამ ჰუმანიტარული მისიასავით იყო. შეეძლო უცებ გაქცეულიყო და მრავალშვილიანი ოჯახისთვის ფქვილი და საჭმელი ეშოვნა, ან ვინმეს წამალი თუ სჭირდებოდა, სასწრაფოდ მიეტანა.

ჩამორღვეული სისტემის პირობებში მოქმედებდა ასე. როცა სასამართლო, სოციალური თუ ჯანდაცვის სისტემები ჩამოშლილია, შემდეგ ინდივიდები პოულობენ ლეგიტიმაციას თავად გადაწყვიტონ პრობლემები, რომლებსაც წესით სახელმწიფო უნდა წყვეტდეს.

დღესაც მხვდებიან ხოლმე სოფელში ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი სითბოთი იხსენებენ მას. ყალბი შიშით რომ იყოს ეს განპირობებული, ალბათ ვიგრძნობდი.
ხუთი წლის ვიყავი, როცა მოკლეს. ტირილმა და ყვირილმა გამაღვიძა. რა სიზმარს ვხედავდი, ისიც კი მახსოვს. ნათესავმა ქალმა ხელში ამიყვანა და ეზოში მასეირნებდა. სიბნელე იყო.
მაშინ მითხრეს, რომ მეზობლის ძაღლი მოკვდა. მერე მალევე გავიგე, რომ თოფიანმა კაცმა მოკლა მამა. სახლის წინ, ჩვენს ეზოში. 31 წლის იყო.

მამისგან ერთი პერანგი და საფულე დამრჩა, რომელსაც მამას მერე, დედა ხმარობდა. ერთ დღესაც, როცა გავიზარდე, დედამ გადაწყვიტა ჩემთვის ეჩუქებინა. ამ საფულეს არ ვატარებ, მეშინია არ დამეკარგოს.
ბასტის დედის ბარათი: ბასტი, ეს საფულე არის მამაშენის. ამდენი წელი ვატარე, ეხლა შენ მინდა გქონდეს... მიყვარხარ
ახლა ვხვდები, მანქანაში რომ ვისხედით, რას მაწვეთებდა ხოლმე. ჩემთვის სრულიად გაურკვეველ რაღაცაზე - სტუდენტობაზე მელაპარაკებოდა ძალიან ხშირად. მისი გარდაცვალების შემდეგაც, სულ ეს მესმოდა სხვებისგან, რომ ჩემს მომავალს განათლებას უკავშირებდა. არ უნდოდა, რომ ქუჩის გზით წავსულიყავი.

მეც, საბედნიეროდ, სულ სხვა ინტერესები მქონდა. კინო, ლიტერატურა და მუსიკა მიყვარდა. მეგობრებიც ასეთი შემხვდა. ერთმანეთს ალბომებს და წიგნებს ვუზიარებდით. თან გურიაში ჩემს მეგობრებს არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდათ და საოცრად დადებით სამყაროში ვცხოვრობდი. რატომ უნდა მომნდომებოდა სადღაც, ქუჩაში ჩამოდგომა, ფურთხება და გაუგებარ, უინტერესო თემებზე ლაპარაკი?

ეს სამყარო ხომ იერარქიასთან არის დაკავშირებული. მე სხვებზე დომინაცია არასდროს მაინტერესებდა. წარმოუდგენელი იყო ვინმესთვის ზემოდან შემეხედა, ან უხეშად დავლაპარაკებოდი.

თუმცა, რა თქმა უნდა, პრივილეგიაც იყო, რომ სკოლაში არავის ვუცემივარ. რეალურად, სკოლაში გავიგე ვისი შვილი ვიყავი. სახლში ეს ყველაფერი არავის აუხსნია ჩემთვის.
ბასტი მგალობლიშვილი/ პირადი არქივიდან
თანატოლებისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. ქუჩაში ან ეზოში ჩემთვის ყველა კონფლიქტი გადაჭრილი იყო.

ამან ერთგვარი კომპლექსებიც გამიჩინა. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა. სულ კახა მგალობლიშვილის შვილი ვიყავი. თან ამას ობლობაც ემატებოდა, რომელსაც სულ მახსენებდნენ და ვერ ვხვდებოდი, რა იყო პირადად ჩემი, და რა მამაჩემის, ან ჩემი ობლობის დამსახურება.

ეს ყველაფერი მაშინ გადავლახე, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და სრულიად უცხო საზოგადოებასთან მომიწია ურთიერთობა. თბილისში ცარიელი ფურცლიდან დავიწყე ურთიერთობები - წინასწარი განწყობები აღარ არსებობდა. შემეძლო მეარსება თავად მე და აღარ არსებობდა კონტექსტი - ვისი შვილი ვიყავი.

ხშირად მიფიქრია, რომ ალბათ ბევრი უთანხმოება გვექნებოდა სხვადასხვა საკითხზე. თუმცა მეუბნებიან, რომ ძალიან ცნობისმოყვარე და მოქნილი გონების პატრონი იყო. უყვარდა კინო, მუსიკა და პოეზია. ვფიქრობ, მოახერხებდა ამ დროში გადმოწყობას და ჩემს გაგებას. ყველა, ვინც იცნობდა, მეუბნება, რომ ძალიან იამაყებდა ჩემით. არც მას და არც მის გარშემო სხვა რომელიმე კრიმინალურ ავტორიტეტს არ უნდოდა, რომ მათი შვილები მამების გზას დასდგომოდნენ.
ახლა თუ ამ ტექსტს ვინმე კითხულობს, ვინც კიდევ ფიქრობს, რომ კრიმინალური გზა სწორი გზაა, მინდა ერთი კითხვა დავუსვა - თუ სწორი გზაა, მაშინ რატომ არ უნდა არცერთ მამას, რომ მისმა შვილმა იგივე გზით იაროს?
ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ. ამ დროს კი სწორედ ჩვენ, კრიმინალური ავტორიტეტების გაზრდილმა შვილებმა უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რა არის რეალურად ეს ყველაფერი.

მითუმეტეს ახლა, როდესაც ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ ქუჩის ინსტიტუტი ისევ მოძლიერდეს. ამ სამყაროს ლეგიტიმაცია ხომ 90-იანი წლების ჩამოშლილმა სახელმწიფომ და საზოგადოების მიმღებლობამ მისცა. შესაბამისად, ახლაც, თუ სახელმწიფო სისტემები არ იმუშავებს, სრულიად შესაძლებელია კრიმინალური ავტორიტეტები კვლავ დაბრუნდნენ. 

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან ვხედავ ამის რისკებს.

JAMnews
ტექსტი: მარადია ცაავა
ვიდეოგადაღება/მონტაჟი: დავით ფიფია
პროექტის რედაქტორი: სოფო ბუკია
Made on
Tilda