ერთი წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან

მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია
ერთი წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან
მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა. უკვე ერთი წელია, რაც ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს: ათიათასობით მოკლული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები, ბუჩა, ირიპინი, მარიუპოლი და ომის დანაშაულები, ათასობით ტყვე და მილიონობით დევნილად ქცეული ადამიანი. გავიხსენოთ ომის ქრონოლოგია:

8000

მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. წყარო: გაერო
438

ბავშვი დაიღუპა
14 მლნ

ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა სახლი.

»
2021 წლის დეკემბერი-2022 წლის იანვარი: მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან.
18 თებერვალი: ე.წ. დნრ-იდან და ლნრ-იდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს.
21 თებერვალი: პუტინი ხელს აწერს განკარგულებას, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.
24 თებერვალი: იწყება ომი.
24 თებერვალს, გამთენიისას, დილის 03:40 საათზე პირველი რუსული ტანკები გამოჩდნენ ლუგანსკის რეგიონისკენ. 04:35 საათზე პირველი რაკეტები ჩამოვარდა სუმის რეგიონში.

მოსკოვის დროით 04.50 საათზე ვლადიმირ პუტინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო.უკრაინის დასავლელი მოკავშირეები თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ კიევს, რომ რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აპირებდა. მიუხედავად ამისა, პუტინის გადაწყვეტილება შოკი იყო ბევრისთვის მთელ მსოფლიოში.
კიევის დროით დაახლოებით დილის ხუთ საათზე რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ სამი მიმართულებიდან: რუსეთის ფედერაციიდან, ოკუპირებული ყირიმიდან და ბელარუსიდან. შეტევა ასევე დაიწყო ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებიდან.

პარალელურად, დილის ხუთი საათისთვის პირველი რაკეტები ჩამოვარდა კიევში, ლვივში, ივანო-ფრანკოვსკში, რივნეში, ლუცკში, ოდესაში, ხარკივში, მიკოლაევში, მარიუპოლში, ზაპოროჟიეში, დნიპროში და უკრაინის ათეულობით სხვა ქალაქში.

რუსების სამიზნე გახდა უკრაინის მასშტაბით სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტები. შეჭრის პირველ დღეს დაიწყო ბრძოლები გოსტომელის აეროდრომისთვის, კიევიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით, სადაც რუსული დესანტი დაეშვა.

ომის დაწყების პირველი დღის ბოლოს რუსები ღრმად შედიან უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებში და მიიწევენ კიევისკენ.

უკრაინელებისთვის ყველა მომდევნო საათი უსასრულოდ გაგრძელდება. აფეთქებები ერთ უწყვეტ ხმაურად იქცევა. ჯერ ისევ გაურკვევლობაა, ყველა ელოდება რაღაც განცხადებას, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ამას ვინმე შეაჩერებს. სახლებისა და ბინების დერეფნები თანდათან ჩემოდნებით ივსება. სადგურები - ხალხით.

პირველი დიდი ბრძოლა გაიმართა კიევის მთავარი სატვირთო აეროპორტისთვის - გოსტომელისთვის, რომლის გამოყენებას რუსები თავიანთი არმიისთვის მარაგების მისაწოდებლად აპირებდნენ. თუმცა, საბოლოოდ რუსებმა ვერ მიაღწიეს ამ მიზანს. იმ დროისთვის, როდესაც უკრაინული ჯარები ტერიტორიიდან გავიდნენ, აეროპორტს იმდენად დიდი ზიანი მიადგა, რომ რუსეთს არ შეეძლო მისი გამოყენება მომარაგებისთვის. ბრძოლების შედეგად განადგურდა ლეგენდარული თვითმფრინავი AН-225 "მრია" (ოცნება) - ყველაზე მძიმე ავიალაინერი მსოფლიოში.

25 თებერვალი, 19:00: ზელენსკიმ ჩაწერა თავისი ცნობილი ვიდეო იმის ნიშნად, რომ არსად გაქცეულა და ისევ კიევშია.
მაღალსართულიანი სახლი კიევში, რომელისაც ჭურვი მოხვდა. 26 თებერვალი 2022 წელი. ფოტო: REUTERS
28 თებერვალი: The Times-ის ინფორმაცით, ჩვკ "ვაგნერმა" კიევში 400 დაქირავებული მებრძოლი გააგზავნა პრეზიდენტ ზელენსკის მოსაკლავად.
28 თებერვალი: პოლონეთის და სხვა მეზობელი ქვეყნების საზღვრებს უკრაინელი დევნილების პირველი ნაკადი მიაწყდა - ძირითადად, ქალები და ბავშვები. ათასობით მანქანამ რიგები შექმნა საზღვრებთან, ხალხი რამდენიმე დღე ელოდება მეზობელ პოლონეთში გადასვლას. ბევრი მატარებლის სადგურებზე დღეების განმავლობაში ელოდა გადატვირთულ ვაგონებს. უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ, რადგან საბრძოლო ასაკის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა ძირითადად ეკრძალებოდათ.
28 თებერვალი: შედგა რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ბელარუსში. ის უშედეგოდ დასრულდა.
1 მარტი: დილით რუსული რაკეტა ხარკოვის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ჩამოვარდა იქ, სადაც სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დგას. ხარკოვისთვის ბრძოლები გაგრძელდა მაისამდე, როდესაც რუსულმა ჯარებმა დაიხიეს ქალაქის ჩრდილოეთით.
ხარკივის ცენტრი. 1 მარტი, 2022. ფოტო AP
ქალაქი ჩუგუევი ხარკივის ოლქში, რუსების ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა.
2 მარტი: რუსულმა არმიამ გამოაცხადა, რომ დაიკავა მელიტოპოლი (ზაპოროჟიეს ოლქი). 2 მარტს მელიტოპოლში ათასობით ადამიანი გამოვიდა ოკუპაციის წინააღმდეგ.
3 მარტი: რუსულმა არმიამ დაიკავა ხერსონი. ხერხონი იყო პირველი საოლქო ცენტრი, რომელიც რუსებმა აიღეს. მოგვიანებით, 15 მარტისთვის რუსებმა მთელი ხერსონის ოლქი დაიკავეს. 5 მარტს ხერსონში ანტისაოკუპაციო მიტინგი გაიმართა. მსგავსი ანტირუსული გამოსვლები ხერსონსა და მელიტოპოლში აპრილამდე გაგრძელდა. მალევე რუსებმა მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე უკრაინული ტელეარხების მაუწყებლობა შეაჩერეს და ჩართეს რუსული ტელევიზია. ხერსონის რეგიონში ინტერნეტ ტრაფიკი რუსულ სერვერებზე გადაამისამართეს. ივლისის ბოლოდან ორივე რეგიონში ფუნქციონირებას იწყებს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განყოფილებები; რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ჩაატარებს რეფერენდუმს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან მიერთების შესახებ. პარალელურად, მელიტოპოლსა და მის შემოგარენში უკრაინული პარტიზანული წინააღმდეგობა ამოქმედდა.
3 მარტი: ომის მერვე დღეს საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია ევროპაში.
2 მარტი: დაიწყო მარიუპოლის (დონეცკის რეგიონი) ბლოკადა, რომელმაც ორ თვეზე მეტ ხანს გასტანა. ქალაქი დარჩა წყლის, სითბოს და სურსათის გარეშე.
სამიზნე რეგულარულად ხდებოდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
4 მარტი: როდესაც რუსეთის ჯარები კიევს მიახლოვდნენ, დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნებში მცხოვრები ხალხი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმონდა. მდინარე ირპინზე გადასასვლელი მთავარი ხიდი უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად, რამაც გაართულა ევაკუაცია. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა გაქცევის მცდელობისას.
9 მარტი: რუსულმა ჯარებმა მარიუპოლის სამშობიარო სახლზე და ბავშვთა საავადმყოფოზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დაშავდა 17 ადამიანი. მათ შორის, დაიღუპა ფეხმძიმე ქალი და მისი მუცლად მყოფი ბავშვი.
მაშველები ცდილობენ გადაარჩინონ ფეხმძიმე ქალი, მას შემდეგ, რაც მარიუპოლის სამშობიარო სახლს რუსული ჭურვები მოხვდა. მოგვიანებით, ქალი და მისი ბავშვი დაიღუპნენ. 9 მარტი, 2022 (AP/Evgeniy Maloletka)
16 მარტი: დაიბომბა მარიუპოლის რეგიონალური დრამატული თეატრის შენობა, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 1000-დან 1200 მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა (25 მარტს საკრებულომ გამოაცხადა, რომ თეატრში სულ მცირე 300 ადამიანი დაიღუპა).
18 მარტი: დაიწყო ბრძოლები მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, "აზოვსტალისთვის". „აზოვსტალი“ უკრაინის არმიის წინააღმდეგობის მთავარ კერად იქცა მარიუპოლში. მარიუპოლისთვის ბრძოლების დაწყებიდანვე ქარხანას უამრავმა ადამიანმა შეაფარა თავი - დაახლოებით სამი ათასმა სამხედრომ და მინიმუმ 200-მა სამოქალაქო პირმა. მარიუპოლის ალყა გაგრძელდა 20 მაისამდე, სანამ სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებით, აზოვსტალის დამცველები არ დანებდნენ. გაეროს შეფასებით, მარიუპოლისთვის ბრძოლების დროს განადგურდა ამ ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების 90 პროცენტი და კერძო სახლების 60 პროცენტი. გავრცელდა ინფორმაცია ქალაქების მცხოვრებლების მასობრივად, იძულებითი დეპორტაციის შესახებ რუსეთში. მარიუპოლის ალყის დროს სულ მცირე 10 ათასი ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი შეფასებით, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ორჯერ მეტი იყოს.
10-29 მარტი: 10 მარტს უკრაინული და რუსული დელეგაციების მოლაპარაკებათა რამდენიმე უშედეგო რაუნდის შემდეგ, ერთმანეთს ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ.
29 მარტს კი მოლაპარაკებები სტამბოლში გაიმართა. შედეგად, გამოცხადდა, რომ რუსეთი „ურთიერთნდობის გასაზრდელად“ შეამცირებს სამხედრო აქტივობას ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით. მოსკოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ „დაადასტურა ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსის სურვილი“ - ანუ ის პირობები, რასაც კრემლი დაჟინებით მოითხოვდა. გარდა ამისა, მიხაილო პოდოლიაკმა, რომელიც მოლაპარაკებებში უკრაინულ მხარეს წარმოადგენდა, შესთავაზა რუსულ მხარეს, რომ უკრაინა 15 წლის განმავლობაში თავს შეიკავებდა სევასტოპოლისა და ყირიმის საკუთრების საკითხის სამხედრო გზით გადაჭრისგან. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებიდან და გამოჩნდა ის სისასტიკე, რომლითაც ისინი მშვიდობიან მოსახლეობას გაუსწორდნენ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ფაქტობრივად შეჩერდა.
29 მარტი: ომის დაწყებისთანავე, დასავლური მედია ასახელებს მიკოლაევს (ნიკოლაევს), როგორც რუსეთის ერთ-ერთ მთავარ, სტრატეგიულ სამიზნეს: ამ ქალაქის კონტროლი რუსეთის ჯარს გაუხსნიდა გზას ოდესისკენ და ასევე მიიყვანდა მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, რუსეთის მიმართ ლოიალური დნესტრისპირეთის საზღვართან. ეს კი, რუსეთს დამატებით სახმელეთო დერეფანს გაუჩენდა. თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, რეგიონის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა რამდენჯერმე განაცხადა მიკოლაევის შტურმის მოგერიების შესახებ. ქალაქი რამდენჯერმე მასიურად დაიბომბა. საჰაერო იერიშები განხორციელდა მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე. 11-12 მარტს დაბომბვის შედეგად დაზიანდა ონკოლოგიური საავადმყოფო, თვალის კლინიკა და მიკოლაევის სასწრაფო საავადმყოფო. 29 მარტს რაკეტა მოხვდა სამხარეო ადმინისტრაციის შენობას, რის შედეგადაც 37 ადამიანი დაიღუპა.
31 მარტი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს რუსების დამარცხება კიევთან. ზაპოროჟიეს, ხარკივის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონების გარკვეული სოფლების გათავისუფლება. ასევე ირპინის გათავისუფლება. რუსები ტოვებენ უკრაინის ჩრდილოეთს.
1 აპრილი: იზიუმის ოკუპაცია.
2 აპრილი: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ომის ერთწლიან ქრონოლოგიაში. რუსული არმია უკან იხევს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში. უკრაინელები ათავისუფლებენ ბუჩას, მოტიჟინს, ირპინს. უკრაინის არმიას და ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დასახლებებში შედიან, შემზადავი სურათი ხვდებათ. ქალაქი სავსეა გვამებით. გარდაცვლილებს უმეტესად სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ. ადამიანების გვამებია გზებზე, სახლების ეზოებში. ბევრს ზურგზე აქვს შეკრული ხელები და წამების კვალი ეტყობა. ბუჩაში ეკლესიასთან მალე იპოვიან მასობრივ სასაფლაოს ათობით გვამით. მრავალრიცხოვანი ჟურნალისტური გამოძიებებით დადგინდა, რომ რუსი სამხედროები ხვრეტდნენ მშვიდობიან მოსახლეობას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ რუსულ ოკუპაციას თან ახლდა ძარცვა, მოროდიორობა, მასობრივი სიკვდილით დასჯა. მსგავსი ტრაგედიები დატრიალდა უკრაინის სხვა ქალაქებში - ირპინში, ბოროდიანკაში. თუმცა, ბუჩა იქცა ყველაზე შემზარავ სიმბოლოდ რუსული არმიის სისასტიკის, არაადამიანობის და ომის დანაშაულების, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა. ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვეს რუსეთის გარიცხვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიას უკრაინელი ხალხის გენოციდი უწოდა.
ირა გავრილუკს უჭირავს კატა. ის უყურებს ქმრის, ძმის და კიდევ ერთი ნათესავის ცხედრებს, რომლებიც მისი სახლის წინ ბუჩაში მოკლეს. 4 აპრილს, 2022 (AP Photo/Felipe Dana,)
8 აპრილი: კრამატორსკში სარკინიგზო სადგურის დაბომბვა. რუსული ჭურვები სადგურს ადგილობრივი დროით დილის 10:30 საათზე მოხვდა. იმ დროს სადგურზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა - ხალხი ევაკუაციას ცდილობდა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთი უკრაინაზე რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი შეტევა მზადდებოდა. შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 100 დაშავდა. მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო დარტყმა იყო ომის დაწყების  დღიდან.
13 აპრილი: უკრაინის საზღვაო ძალების მიერ ნასროლი ნეპტუნის რაკეტის დარტყმის შედეგად, ჩაიძირა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი "მოსკვა".
23 აპრილი: საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე რაკეტა გაისროლეს ოდესაზე - ორის მოგერიება საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს, დანარჩენები სამხედრო ობიექტს და ორ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ერთ-ერთში დაიღუპა ოჯახი - ჟურნალისტი ვალერია გოლდანი, მისი მოხუცი დედა და სამი თვის ქალიშვილი კირა.
20 მაისი. მარიუპოლში 18 მარტს დაწყებული ბრძოლები "აზოვსტალისთვის" ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალი, ეროვნული გვარდიის აზოვის პოლკის მებრძოლები, ტერიტორიული თავდაცვის რაზმის წევრები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა, თითქმის ორი თვე აფარებდა თავს "აზოვსტალის" რთული კონსტრუქციის მიწისქვეშეთს.
ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, რუსეთმა უარი თქვა ქარხნის შტურმზე (ეს გადაწყვეტილება თავად პუტინმა მიიღო) და მხოლოდ ტერიტორიის მასირებული დაბომბვით შემოიფარგლებოდა. ორი თვის თავზე ტერიტორიაზე არც ერთი დაუზიანებელი შენობა აღარ დარჩა. 28 აპრილს, ქარხნის ტერიტორიაზე საველე ჰოსპიტალის დაბომბვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის დამცველებს შორის დაჭრილთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. ქარხნის სრული ბლოკადის გამო, აზოვსტალის მცველები მას წყლის, საკვების, მედიკამენტების და საბრძოლო მასალის ნაკლებობის პირობებში იცავდნენ. 20 მაისს, მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, დაიწყო აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაცია ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე. რუსეთს ტყვედ ჩაბარდა ქარხანაში მყოფი 2439 ადამიანი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება „პერსონალის სიცოცხლის გადასარჩენად“ მიიღო. გარნიზონმა შეასრულა საბრძოლო მისია და არ მისცა საშუალება რუსეთს აზოვსტალის ასაღებად გამოყოფილი ჯარი სხვა მიმართულებით გამოეყენებინა.
23 ივნისი. ზაფხულის დასაწყისში დასავლეთმა გააცნობიერა, რომ უკრაინას შეეძლო ამ ერთი შეხედვით უიმედო ომის მოგება და სამხედრო დახმარება გააძლიერა. უკრაინამ აშშ-ისგან მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები HIMARS მიიღო. პირველი HIMARS-ები უკრაინაში 23 ივნისს ჩავიდა და როგორც სამხედრო ექპერტები ამბობენ, დიდწილად სწორედ სამხედრო დახმარებამ გადაწყვიტა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა შემოდგომაზე.
27 ივნისი: ორი ძლიერი აფეთქება კრემენჩუგში (პოლტავას რაიონი) კიევის დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. ერთ-ერთი რაკეტა სავაჭრო ცენტრს "ამსტორს" მოხვდა და ფერფლად აქცია. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა 50-ზე მეტი.
30 ივნისი: უკრაინის შეიარაღებული ძალების მასიური დაბომბვის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა სრულად დატოვეს კუნძული "ზმეინნი". გათავისუფლებულ კუნძულზე უკრაინელმა მებრძოლებმა იპოვეს კატა, რომელმაც ოთხი თვე გაატარა ოკუპაციაში. კატას დაარქვეს "ზმეი" [გველი] და საცხოვრებლად კიევში, ერთ-ერთი მეთაურის ოჯახში გადაიყვანეს. ომის პირველივე დღეს კუნძული "ზმეინი" უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა: უკრაინელი მესაზღვრეები არ დაემორჩილნენ რუსების მოთხოვნას და არ დაყარეს იარაღი. "Русский военный корабль иди на х..." - უპასუხეს მათ კრეისერ "მოსკვას", საიდანაც ეს მოთხოვნა მოდიოდა.
3 ივლისი: ლისიჩანსკის ოკუპაცია. ლისიჩანსკზე თავდასხმა დონბასში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის ნაწილი იყო, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ გაზაფხულიდან აანონსებდა. თუმცა, ეს "ფართომასშტაბიანი შეტევა" არ შედგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ლისიჩანსკის შემდეგ რუსული არმიის მნიშვნელოვანი წინსვლა არც მომხდარა.
14 ივლისი: რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ვინიცას ცენტრზე. ვინიცა ბრძოლის ზონიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქში რაკეტები დილის 11 საათზე ჩამოაგდეს. 23 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ხუთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ბევრმა სერიოზული დამწვრობა მიიღო. განადგურდა ოფიცერთა სახლი, საოფისე შენობა, კერძო კლინიკა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ჭურვი მოხვდა პარკინგს, სადაც ბევრი ადამიანი იყო. დაღუპულებს შორის იყვნენ 8 წლის კირილი, 7 წლის მაქსიმი და 4 წლის ლიზა. დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე ლიზას დედამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ მიჰყავს გოგონა ლოგოპედის კლასში, რომელიც დაბომბილ ოფიცერთა სახლში იყო განთავსებული. რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ, ოლენა ზელენსკამ აშშ-ს კონგრესში გამოსვლისას, ლიზას ფოტო მიიტანა და მოუწოდა მსოფლიოს დაეხმარონ უკრაინას „შეაჩეროს ეს ტერორი“.
29 ივლისი: ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში, (უკრაინის დონეცკის ოლქის ნაწილი, რომელიც კიევის მიერ ვერ კონტროლდება) სოფელ ელენოვკაში, კოლონიის ტერიტორიაზე, სადაც უკრაინელი ტყვეები ჰყავდათ, აფეთქებები გაისმა. კოლონიის ტერიტორიაზე აფეთქებების შედეგად დაიღუპა 53 ადამიანი - უკრაინელი ტყვეები - უმეტესობა „აზოვსტალიდან“ ჩამოყვანილები, აზოვის პოლკის ჯარისკაცები. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, აფეთქების უკან ჩვკ "ვაგნერი" დგას. გაერომ ამ ინციდენტის გამოსაძიებლად სპეციალური მისია გამოყო.
9 აგვისტო: მთელი აგვისტოს განმავლობაში აფეთქებების ისმოდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. 9 ადვისტოს სოფელ ნოვოფედოროვკასთან, 16-ში - სიმფეროპოლის ოლქის სოფელ გვარდეისკოეში, ასევე ჟანკოის რაიონში. 18 -20 აგვისტოს აფეთქებები იყო ქერჩში, ევპატორიაში. ბელბეკის აეროდრომის მიდამოებში. თავდაპირველად, რუსები ამბობდნენ, რომ საბრძოლო მასალების დეტონაციას ახდენდნენ, მოგვიანებით კი, ახსენეს სიტყვა "დივერსია", თუმცა ყველანაირად ცდილობდნენ საფრთხე დაეკნინებინათ, რადგან ყირიმის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ბევრი რუსი, რომელიც აგვისტოში იქ დასავენებლად იყო ჩასული, ყირიმის ხიდის გავლით ტოვებს ნახევარკუნძულს.
12 აგვისტო: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მძლავრი დარტყმა მიაყენეს ხერსონის ოლქში ანტონოვსკის ხიდს. ამ ხიდის მეშვეობით რუსეთი საკუთარი სამხედრო დანაყოფებს ტექნიკით ამარაგებდა.
24 აგვისტო: რუსმა ოკუპანტებმა რაკეტები დაუშინეს ჩაპლინოს რკინიგზის სადგურს დნეპროპეტროვსკის ოლქში. ამ დარტყმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე დაშავდა.
8 სექტემბერი: უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას იწყებენ - ბალაკლეას დეოკუპაცია.
10 სექტემბერი: იზიუმის და კუპიანსკის გათავისუფლება. სექტემბერში, ქვეყნის აღმოსავლეთით უკრაინულმა კონტრშეტევამ დაიბრუნა ტერიტორიის დიდი ნაწილი და აიძულა რუსული ჯარები გაქცეულიყვნენ ხარკოვის რეგიონიდან. მოსკოვი ცდილობდა გაქცევა "გადაჯგუფებად" წარმოეჩინა, მაგრამ არ გამოუვიდა - საქმე იმდენად ცუდად მიდიოდა, რომ სამხედროები მეთაურები საჯაროდ გააკრიტიკა ჩეჩენმა ლიდერმა რამზან კადიროვმა, ჩვკ "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა.
21 სექტემბერი: ისტორიული ტყვეთა გაცვლა: 215 სამხედრო ტყვე, მათ შორის 108 აზოვის მებრძოლი, გაცვალეს ვიქტორ მედვედჩუკზე და 55 რუს სამხედრო ტყვეზე. ოჯახს დაუბრუნდნენ აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და სერგეი ვოლინა.
21 სექტემბერი: უკრაინაში უხერხული მარცხის შემდეგ, პუტინმა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთში მობილიზაცია გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებამ რუსეთში გამოიწვია საპროტესტო გამოსვლები და საბრძოლო ასაკის მამაკაცების მასობრივი გადინება ქვეყნიდან. პროტესტი მალე ჩაახშეს. შედეგად კი, რუსეთმა ასი ათასობით ემიგრანტი და ცუდად აღჭურვილი და დიდწილად მოუმზადებელი ქვედანაყოფები მიიღო. თუმცა, ამან მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის ჯარების რაოდენობა.
30 სექტემბერი: პუტინმა ნაჩქარევად ჩატარებული "რეფერენდუმების" შემდეგ გამოაცხადა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. ამით პუტინმა ფაქტობრივად გამორიცხა კიევთან რაიმე მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობა. მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა აღიარებს უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ შედეგებს. უკრაინის ხელისუფლებამ ნატოს დაჩქარებული გაწევრიანების თხოვნით მიმართა.
1-5 ოქტომბერი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ლიმანი (დონეცკის ოლქი), გრეკოვკა (ლუგანსკის ოლქი). იწყება ქვეყნის სამხრეთის, ხერსონის რეგიონის დეოკუპაცია. დეოკუპირებულია: არხანგელსკი, დუდჩანი, დავიდოვ ბროდი.
8 ოქტომბერი: მძლავრი აფეთქება ყირიმის ხიდზე. ერთადერთი ხიდი, რომელიც რუსეთს აკავშირებს ყირიმის ნახევარკუნძულთან, ძლიერ დაზიანდა. ქერჩის სრუტის საგზაო და სარკინიგზო ხიდი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და უაღრესად სიმბოლური. ის პუტინმა 2018 წელს გახსნა, ოთხი წლის შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა.
სიმბოლურია ისიც, რომ ყირიმის ხიდის აფეთქება პუტინის დაბადების დღეს დაემთხვა.
10 ოქტომბერი: მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. დაიღუპა 19 ადამიანი. 3500-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დარჩა უშუქოდ. დაზარალდა უკრაინის კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. ამ დღიდან, შეიძლება ითქვას, რომ ომის ახალი ეტაპი დაიწყო - რუსეთმა, რომელიც სამხედრო წარმატებებს ვერ აღწევდა უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანა იერიში.
11 ნოემბერი: ზსუ-მ გაათავისუფლა ქალაქი ხერსონი.
15 ნოემბერი: უკრაინის არმიის სამხედრო წარმატების საპასუხოდ რუსეთი კვლავ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უტევს - ქვეყანას კვლავ მასირებული დამობმვების ტალღამ გადაუარა. რაკეტების, საარტილერიო ჭურვებისა და ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით მოსკოვმა უკრაინის ელექტროსადგურების განადგურება დაიწყო, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩა.
5 დეკემბერი: შეტევა აეროდრომებზე "დიაგილევო" და "ენგელსი" რუსეთის ტერიტორიაზე.
16 დეკემბერი: მორიგი მასირებული შეტევა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
21 დეკემბერი: ვოლოდიმირ ზელენსკი გაემგზავრა აშშ-ში. თეთრ სახლში ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა და სიტყვით მიმართა აშშ-ს კონგრესს.
ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის პირველი უცხოური მოგზაურობა ომის შემდეგ და ისტორიული დღე.
ზელენსკის მოსვლამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას უგზავნის დამატებით 2 მილიარდ აშშ დოლარს უსაფრთხოების დახმარებას - მათ შორის საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემას, Patriot-ს.
25 დეკემბერი: რამდენიმეკვირიანი ორჭოფობისა და გეოპოლიტიკური კამათის შემდეგ, გერმანიამ გამოაცხადა, კიევს ლეოპარდ 2-ის ტანკებს გადასცემს და არც სხვა ევროპულ ქვეყნებს აუკრძალავს გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების ექსპორტს უკრაინაში. იმავე დღეს ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ M1 Abrams ტანკს გაუგზავნის. ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც გარღვევა დასავლეთის მიერ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერის საქმეში და მიუთითებდა იმაზე, რომ დასავლეთში სულ უფრო მეტად სწამთ, რომ უკრაინა შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას.
31 დეკემბერი: წლის ბოლო დღეს მორიგი მასირებული შეტევა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
20 თებერვალი: ამერიკის პრეზიდენტი მოულოდნელად კიევში ჩადის. ზელენსკის გვერდით მდგომმა ბაიდენმა გაიხსენა, როგორ ისაუბრეს მათ ტელეფონით, როდესაც რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინაში. „ერთი წლის შემდეგ კიევი დგას. და უკრაინა დგას. დემოკრატია დგას“, - განაცხადა ბაიდენმა. "ამერიკელები თქვენ გვერდით არიან, ისევე როგორც მთელი მსოფლიო." ზელენსკიმ თქვა, რომ ბაიდენის ვიზიტმა უკრაინის "გამარჯვება" მოაახლოა.
Made on
Tilda