სამკურნალოდ თურქეთში

რატომ არ ენდობიან ქართველები საკუთარ ჯანდაცვის სისტემას და როგორ იქცა თურქეთი საქართველოს მთავარ საავადმყოფოდ
საქართველო წლებია გამოხატავს ამბიციას გახდეს რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით. იაფი და ხარისხიანი - ასე წარმოაჩენენ საკუთარ სამედიცინო პროდუქტებს ქართული კლინიკები, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის მომგებიან ბაზარზე.10-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მართლაც დაიწყეს ჩამოსვლა პაციენტებმა მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც სტომატოლოგიისა თუ ესთეტიკური ქირურგიის გარდა, სარგებლობდნენ ქართველი ონკოლოგების, კარდიოლოგების, რეპროდუქტოლოგების მომსახურებით.

თუმცა, ეს ტენდენცია კლებისკენ მიდის. მითს იაფი, მაგრამ ხარისხიანი ქართული მედიცინის შესახებ ქართველებივე ანგრევენ: ისინი სულ უფრო ნაკლებად ენდობიან საკუთარ ქვეყანაში დასმულ დიაგნოზს და სულ უფრო ხშირად მიდიან სამკურნალოდ მეზობელ თურქეთში.

ექსპერტების თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - სამედიცინო რეფორმების ზედაპირული ხასიათი, სამედიცინო სექტორის განვითარების მკაფიო გეგმის არარსებობა, ქართველი ექიმების განათლების დაბალი დონე და მოძველებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

ეს მასალა იმაზეა, თუ რატომ იქცა თურქეთი ქართველების მთავარ საავადმყოფოდ. ზოგისთვის სტამბოლი გადარჩენის შანსია, ზოგისთვის მშობლად გახდომის უკანასკნელი იმედი. რასაც ვერ იღებენ თავიანთ ქვეყანაში, პოულობენ იქ.
სტამბოლის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე მაღალ შენობასთან ხალხმრავლობაა. ეს კლინიკა “ქოლანია”, მრავალპროფილური საავადმყოფო.

შესასვლელთან ღია კაფეა - მაგიდები და სკამები დგას. ადამიანებს აქ დრო ყავის სმასა და სიგარეტის მოწევაში გაჰყავთ. ანალიზების პასუხებს ელოდებიან ან კვლევებზე შესულ ახლობლებს. ჩახჩახა მზისგან მათ დიდი, ფართო ქოლგები იცავს.

მაგიდებს შორის რიგებში რომ ჩაივლი, ხშირად ქართულ საუბარს მოჰკრავ ყურს.

„ქოლანის“ პაციენტებს შორის ბევრი ქართველია. ზოგი უკვე მრავალი წელია აქ მკურნალობს. ისინი მშვიდად სხედან და მორიგი კვლევის პასუხს ელოდებიან.

ახალჩამოსულები უფრო მეტად ღელავენ და ბოლთას სცემენ. ხანშიშესული წყვილი ნერვიულობს - ორი დღეა, რაც საქართველოდან ჩამოვიდნენ. კაცს სიმსივნის დიაგნოზი აქვს, „ქოლანში“ კვლევებს იტარებს. სულ მალე გაიგებენ „გადარჩნენ, თუ დაიგვიანეს“.

თვალებით მარიამს ეძებენ. „მარი ჩვენი ანგელოზია, ის რომ არა, აქ ვერაფერს ვიზამდით,“ - ამბობს ქალი.

მარიამ სეთურიძე უკვე 11 წელია კლინიკა ქოლანში მუშაობს საქართველოს განყოფილების უფროსი დირექტორის პოზიციაზე. ყველა პაციენტს, რომელიც საქართველოდან ქოლანის კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოდის, მარიამი კურირებს.

გარდა იმისა, რომ ყველა საორგანიზაციო საკითხს აგვარებს და პაციენტებს ექიმებთან ურთიერთობაში ეხმარება, კარგად იცის, როგორ დაამშვიდოს სასოწარკვეთილი ადამიანები.

მარიამი წყვილს ღიმილით უხსნის მომავალი პროცედურების დეტალებს.

მისი ტელეფონი არ ჩერდება - ყველა ზარს და შეტყობინებას სათითაოდ უპასუხებს ხან თურქულად, ხან ქართულად, თან ცდილობს არც ეზოში მომლოდინე პაციენტები გამორჩეს. ეს მისი სამსახურია.

მარიამი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში თითქმის ხუთჯერ გაიზარდა საქართველოდან ჩამოსული პაციენტების რაოდენობა. ისინი ძირითადად, ონკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობენ.

„თუ ადრე თვეში სამი-ოთხი პაციენტი მოდიოდა ონკოლოგიური დაავადებით, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თვეში 30-ზე მეტი ონკო-პაციენტი გვყავს. მთლიანობაში, ყოველთვიურად 50-მდე ქართველ პაციენტს ვმკურნალობთ მხოლოდ ჩვენს კლინიკაში.“

ყველაზე ხშირად, ქართველი პაციენტები საქართველოში დასმულ არასწორ დიაგნოზს უჩივიან

თურქულ კლინიკებში ქართველი ონკო-პაციენტების მაღალი მიმართვიანობა სიმსივნური დაავადებების რაიმე განსაკუთრებულ მატებას არ უკავშირდება.

ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს - პირველი ის, რომ ქართველები სულ უფრო ნაკლებად ენდობიან საკუთარი ჯანდაცვის სისტემას და მეორე - თურქულმა კლინიკებმა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობენ, კარგად ააწყვეს უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობის სისტემა. თუ ფული გაქვს, იქ მოხვედრა მარტივად და კომფორტულად შეიძლება.


მარიამი (მარცხნივ) და მისი კოლეგები ქოლანის კლინიკიდან
უკვე ჩვეულებრივი გახდა ის ამბავი, რომ საზღვარგარეთის კლინიკებში ჩასულ ქართველებს ეუბნებიან, რომ სამშობლოში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.

ამიტომაც, თუ ცოტა ფული აქვთ, ან შეუძლიათ მეგობრებისგან ან ნათესავებისგან ისესხონ, ისეთი სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა კიბო, თურქეთში წასვლას არჩევენ.

ერთმა თბილისელმა ექიმმა გვითხრა, რომ არასოდეს ცდილობს გადაარწმუნოს პაციენტები, რომლებიც თურქეთში მკურნალობის სურვილს გამოხატავენ:

„როგორ უნდა გადავარწმუნო ადამიანი იმაში, რასაც მე თავად გავაკეთებდი. ჩემი ოჯახის წევრი სერიოზულად ავად გახდეს, მეც საზღვარგარეთ წასვლას ვამჯობინებდი. მედიცინა დღეს უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ახალი ამბები. გინდა ტექნიკურად, გინდა თეორიულად,“ - ამბობს ის.

მეორე პრობლემა, რის გამოც ქართველი პაციენტები საკუთარი ჯანდაცვის სისტემას უჩივიან, არაორგანიზებულობა და ქაოსია.
ზუსტად სამ დღეში უკვე სახლში ვბრუნდებოდი დიაგნოზით. ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად გააკეთეს. ერთ წუთი არ დამიკარგავს ტყუილად
ლელა 52 წლისაა. გასულ თვეს აღმოაჩინა, რომ მკერდის სიმსივნე აქვს.

„მერე დაიწყო იწილო-ბიწილო. ერთ კლინიკაში ბიოფსია გავიკეთე, მეორეში ექოსკოპია, მესამეში - ექიმთან ჩავეწერე, მეოთხეში კიდევ რაღაცაზე გამაგზავნეს. თანაც, ყველა „ცნობილ“ სპეციალისტთან რიგებია და შეიძლება თვეობით მოგიწიოს ლოდინი, თუ ნაცნობი ვერ გამონახე. ექიმი პირდაპირ გეუბნება რომ მხოლოდ ამა და ამ ექოსკოპისტის გადაღებული სურათი უნდა, რადგან ის არის საუკეთესო. რა უნდა ქნა?! უნდა ელოდო. მაგალითად, ჩემს ნაცნობს ვესტიბულარული აპარატის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და მთელი თვე ელოდა, სანამ ექიმი შვებულებიდან გამოვიდოდა. აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ერთი სპეციალისტია.

ამასობაში, ფულიც უამრავი იხარჯება, ნერვები გაწყდება. მეგობარმა მირჩია, თურქეთში წავსულიყავი. დავუკავშირდი კლინიკა „ანადოლუს“, გავუგზავნე ინგლისურად ნათარგმნი ჩემი კვლევების პასუხები. მეორე დღესვე უკვე დამიკავშირდნენ, ყველაფერი დაწვრილებით მომწერეს, რა კვლევებს ჩამიტარებდნენ, რამდენი ხანი მომიწევდა გაჩერება, რა დაჯდებოდა ეს ყველაფერი.

რომ ჩავედი, აეროპორტში დამხვდნენ, მიმიყვანეს კლინიკაში და იმავე დღეს დავიწყე კვლევები. ყველაფერი ერთ სივრცეში იყო, ერთ შენობაში. ზუსტად სამ დღეში უკვე სახლში ვბრუნდებოდი დიაგნოზით. ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად გააკეთეს. ერთ წუთი არ დამიკარგავს ტყუილად. ამ ყველაფერში ორი ათას დოლარამდე დამეხარჯა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქართველი ექიმის დიაგნოზი სწორი იყო, თუმცა მკურნალობის მიდგომები განსხვავებულია. ძალიან კარგი ვქენი, რომ წამოვედი, ახლა უფრო მშვიდად ვარ. საბედნიეროდ, ადრე მივუსწარი დაავადებას,“ - ჰყვება ლელა.

თურქეთი - სამედიცინო ტურიზმის ცენტრი
სტამბოლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობასთან - სულთან აჰმედის მეჩეთთან მამაკაცების 7-10 კაციანი ჯგუფი დგას - ყველას თავი სამედიცინო ბინტით აქვს შეხვეული. მათ წინ ქალი ქალი დგას, რომელიც არაბულად ლაპარაკობს და მეჩეთისკენ იშვერს ხელს. ქალი გიდია და ცისფერი მეჩეთის ისტორიას ჰყვება. თავშეხვეული კაცები კი სტამბოლში თმის გადასანერგად ჯგუფურად ჩამოსული სამედიცინო ტურისტები.

ასეთი თავშეხვეული კაცები სტამბოლში სასტუმროს ფოიეშიც შეგვხვდა.

მანამდე, ისტიკლალზე, სტამბოლის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე ქალების ჯგუფი ვნახეთ, რომელთაც ცხვირები ჰქონდათ ბინტით გახვეული. ხელში პარკები ეჭირათ და მაღაზიიდან მაღაზიაში გადადიოდნენ.

თურქებისთვის და ამ ქვეყნის ხშირი სტუმრებისთვის მსგავსი სანახაობა ჩვეულებრივი ამბავია.


წლიდან წლამდე იზრდება თურქეთში სამედიცინო პროცედურებისთვის ჩასული უცხოელების რიცხვი.

საზრიანი თურქული ტურისტული კომპანიები უკვე სპეციალურ პაკეტებს სთავაზობენ კლიენტებს - ჯგუფურად ჩამოჰყავთ თმის გადანერგვის, რინოპლასტიკის, სახის კანის გადაჭიმვის თუ გასახდომი დეტოქს-პროგრამის მსურველები. ევროპასთან შედარებით დაბალი ფასები, მოწინავე სამედიცინო მომსახურება და თან რამდენიმე დღიანი ექსკურსია და დასვენება სტამბოლში - მომხიბვლელი წინადადებაა, არა?

სამედიცინო ტურიზმი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი და მზარდი ტურისტული სეგმენტია.

მასშტაბები გაცილებით მეტია, ვიდრე პლასტიკური ქირურგია თუ თმის გადანერგვა. ტურისტებით დატვირთულია საავადმყოფოების ისეთი განყოფილებები, როგორიცაა ონკოლოგია, კარდიოლოგია და ორგანოთა გადანერგვა.

თურქეთში სამკურნალოდ ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან - ევროპიდან (განსაკუთრებით ბევრი ვნახეთ ბულგარეთიდან, რუმინეთიდან), არაბეთის ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. 

TURKSTAT-ის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს თურქეთში 662 ათასი სამედიცინო ტურისტი გაემგზავრა, რამაც 1,65 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა ქვეყანას.

2020 წლის პანდემიის გამო, მათი რიცხვი 388 ათასამდე დაეცა, თუმცა 2021 წელს კვლავ გაიზარდა. ამ წელს 642 ათასმა სამედიცინო ტურისტმა ქვეყანაში 1,49 მილიარდი აშშ დოლარი შემოიტანა.

2022 წლის პირველ კვარტალში იყო 285 ათასი სამედიცინო ტურისტი, რომელთა მიერ მოტანილი შემოსავალი 332 მილიონი აშშ დოლარი იყო.
ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ბიზნესმა უკვე დაინახა თურქეთის ჯანდაცვის სისტემის დიდი პოტენციალი სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით. არსებობს უამრავი კომპანია თუ სერვისი, რომელიც ამ სფეროზეა მორგებული.

ყველა კლინიკას აქვს სპეციალური დეპარტამენტები, რომლებიც მარის მსგავსად, უცხოელ პაციენტებს ეხმარებიან და ხარისხიანი მკურნალობის გარდა, მაქსიმალურ კომფორტსაც სთავაზობენ.
თუმცა, სამედიცინო ტურიზმის განვითარება შესაძლებელი სწორედ იმ ფაქტმა გახადა, რომ ბოლო წლებში თურქეთის სამედიცინო სისტემამ წარმოუდგენელი ნახტომის გაკეთება შეძლო.

თურქეთში მომუშავე ექიმების თქმით, სისტემის მაღალ დონეზე განვითარება განათლების სწორმა პოლიტიკამ გამოიწვია.
„თურქეთის სამედიცინო სისტემა ძალიან განვითარდა ბოლო 30 წელიწადში. ეს წარმატება სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ჩემი აზრით. სახელმწიფომ ძალიან დიდი რესურსი ჩადო განათლების სისტემის გაუმჯობესებაში და დღეს, ჩვენთან მკურნალობენ პაციენტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდანაც კი,“ - ამნობს სადიკ იელდირიმი, პროფესორი და ზოგადი და ონკოლოგიის ქირურგი.
გზა საქართველოდან სტამბოლამდე
თურქეთის სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში თავისი არც თუ ისე მცირე წვლილი შეაქვს მის ღარიბ მეზობელს - საქართველოს.

ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი მიდის საქართველოდან თურქეთში სამკურნალოდ, არ წარმოებს.

საქართველოს შემთხვევაში, ყველაზე პოპულარული მიმართულება ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა და ინ-ვიტრო განაყოფიერებაა.
დიაგნოზის გადამოწმება, ქირურგიული ჩარევა, ბიოფსია, დასხივება - ამ ყველაფრისათვის საქართველოს მოქალაქეები თურქეთს მიმართავენ.

ფეისბუკზე ხშირად შეხვდებით პოსტებს, სადაც გროვდება ფული მძიმედ ავად მყოფი ადამიანებისთვის, ხშირად ბავშვებისთვის. „ოჯახმა ყველაფერი გაყიდა. ყველა საშუალება ამოწურულია. თურქეთში სამკურნალოდ საჭიროა სოლიდური თანხა,“ - ვკითხულობთ ასეთ პოსტებში.

თუკი პაციენტი გადაწყვეტს, რომ საქართველოში დასმული დიაგნოზის გადამოწმება ან მკურნალობის გაგრძელება თურქეთში ურჩევნია, ის ნაცნობების დახმარებით თურქეთში რომელიმე კლინიკის საქართველოს განყოფილების წარმომადგენელს უკავშირდება. როგორიცაა, მაგალითად, მარიამი კლინიკა „ქოლანში“.

პირველ რიგში, პაციენტი კლინიკას საქართველოში უკვე ჩატარებული კვლევების შედეგებს უგზავნის. პაციენტის ისტორიას ექიმები და პროფესორები განიხილავენ. ამის შემდეგ, კლინიკა ოჯახს ატყობინებს ყველა დეტალს რა კვლევები უნდა ჩაიტაროს სტამბოლში ჩასვლის შემთხვევაში, რამდენ ხანს მოუწევს დარჩენა და რა ეღირება ეს ყველაფერი და ა.შ. კლინიკა პაციენტს თვითმფრინავის ბილეთის შეძენაში და სასტუმროს ნომრის დაჯავშნაშიც ეხმარება. ასევე,  სტამბოლის აეროპორტიდან კლინიკამდე პაციენტის ტრანსფერსაც უზრუნველყოფს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები აეროპორტიდან არა სასტუმროში, არამედ პირველ რიგში კლინიკაში მოვიყვანოთ. ვხვდებით მათ, ვეცნობით და ვამშვიდებთ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ძალიან განერვიულებულები ჩამოდიან, სტრესის ქვეშ. ვცდილობთ დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ და შემდეგ ვიწყებთ კვლევებს,“ - გვეუბნება მარიამი.
Стамбульский аэропорт. Фото: Alireza Akhlaghi
ანალიზების პასუხები სამ-ოთხ დღეში უკვე მზადაა. ამ დროს პაციენტი სასტუმროში ატარებს და პასუხებს ელოდება. შედეგების მიღების შემდეგ, ექიმთა კონსილიუმი იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობის პროცესი.

„თუ პაციენტი დროულად არის ჩამოსული, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი შანსია, რომ ვუშველოთ,“ - ამბობს მარიამი.
სტამბულის აეროპორტი. ფოტო:: Artem Bryzgalov
თურქულ კლინიკებში ონკოლოგიური პაციენტების გამოკვლევები 1500-2500 დოლარამდე მერყეობს. ეს არის დაახლოებითი თანხა, რაც პაციენტს პირველადი გამოკვლევებისათვის სჭირდება.

ამ თანხაში არ შედის გენეტიკური კვლევები, რომლებიც გარე ლაბორატორიებში ტარდება და ძალიან ძვირი ჯდება. თუმცა, როგორც მარიამი გვეუბნება, ასეთი ტიპის კვლევებს იშვიათად საჭიროებენ პაციენტები. 

ოპერაციების ფასი სამი ათასი დოლარიდან იწყება, ხოლო პლასტიკური ქირურგიის შემთხვევაში, შესაძლოა, 30 ათას დოლარამდეც ავიდეს.  

„არ არის ადვილი საქართველოში ასე უცბად ფული მოიძიო, ჩამოხვიდე სხვა ქვეყანაში და ყველაფერი გააკეთო. ამიტომ ძალიან ვცდილობთ, რომ რაღაც ეტაპამდე მაინც მივიყვანოთ, რომ შემდეგ პაციენტმა მკურნალობის საქართველოში გაგრძელება შეძლოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე ვრჩებით მასთან კონტაქტზე და ვაკონტროლებთ მონაცემებს. ვაძლევთ რჩევებს, თუ რა მედიკამენტით იმკურნალონ და ა.შ.“ - ამბობს მარიამი კლინიკა „ქოლანიდან“.

საქართველოში, სადაც საშუალო ხელფასი 1500-ლარამდეა, ხოლო პენსია 260 ლარი, თურქეთში მკურნალობის საშუალება მართლაც ბევრს არ აქვს. როგორც წესი, როდესაც ოჯახის წევრს მძიმე დიაგნოზს უსვამენ, ოჯახი იძულებულია ქონება გაყიდოს ან ვალი აიღოს.

არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში 18 წლამდე და 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს უფინანსებს ექიმის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, ოპერაციებს და ქიმიო/დასხვების თერაპიას, თუმცა სახელმწიფო დაზღვევა სხვა ქვეყანაში მკურნალობას არ ანაზღაურებს.

რას ამბობენ ქართველი ექიმები
ქართული ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე საუბრისას, პედიატრი, ასოცირებული პროფესორი პედიატრიაში კოტე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მთავარი საქართველოს ეკონომიკის სიღარიბეშია:

„ყველაფერს ეკონომიკასთან მივყავართ. სამ მილიონიან ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკურად თითქმის ბოლო ადგილს იკავებს ევროპაში, შეუძლებელია გააკეთო იმ ტიპის კლინიკები, როგორებიც თუნდაც თურქეთშია და მოგება ნახო. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ ჩამორჩენილია ტექნოლოგიურად. გარკვეული კვლევები ჩვენთან საერთოდ არ ტარდება, იმიტომ, რომ ეკონომიკურად არ არის მომგებიანი - პაციენტი ვერ გადაიხდის ამ კვლევის თანხას“.

ასევე მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ სამედიცინო სექტორის ძირითადი მასა ვერ გამოვიდა საბჭოთა მედიცინიდან და ქართველ ექიმებს განვითარების საშუალება არ აქვთ:

„ექიმი მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარი თავის განვითარებაზე, წინსვლაზე; მუდმივად კითხულობდეს სიახლეების შესახებ, მაგრამ როდესაც ექიმების უმრავლესობა 28 დღე მუშაობს რამდენიმე კლინიკაში, რომ მინიმალური შემოსავალი მაინც ჰქონდეს, წინსვლაზე და განვითარებაზე ფიქრი ფუფუნებაა“.

მნიშვნელოვან ხარვეზად ჩახუნაშვილი მიიჩნევს იმასაც, რომ საქართველოში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა ვერ ისწავლეს სწორი კომუნიკაცია პაციენტთან.

„პაციენტის განკურნება ექიმთან ურთიერთგაგებაზე დგას. ჩვენთან ხშირად უხეში დამოკიდებულებაა პაციენტის მიმართ, რასაც იმედი მაქვს ახალი თაობა გამოასწორებს“.

მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ნეიროქირგურგი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ დღეს ქართული მედიცინა ინდივიდებზე დგას და არა სისტემაზე:

„ჩვენ რადგან სისტემა არ გვაქვს, პაციენტები იმ კონკრეტულ ექიმთან მიდიან, ვინც იციან, რომ კარგია. ჩვენთან ყველაფერი მხოლოდ ინდივიდებზეა დამყარებული. არსებობენ ძალიან კარგი ექიმები, რომლებიც ინდივიდუალურად მუშაობენ ძალიან კარგად, თორემ სტანდარტი არ არსებობს". 

"როგორც ყველაფერში, ჩვენ გვჭირდება განათლება და სისტემის შემუშავება. თურქებმა ძალიან ჭკვიანურად იმუშავეს. 30 წლის წინ მათი მედიცინა იყო ძალიან ცუდ დღეში. ისინი ადგნენ და ამ სფეროში ჩადეს უზარმაზარი ფული. პირველ რიგში განათლებაში - ახალგაზრდები ევროპაში და ამერიკაში გაუშვეს, ასწავლეს და შემდეგ თურქეთში მაღალი ხელფასები დაახვედრეს. საქართველოში კი, მთავრობას მუდმივად ეს პოლიტიკა აქვს - მაღალი ხარისხი რაც შეიძლება დაბალ ფასად. გასაგებია, რომ ფული ცოტაა, მაგრამ მედიცინა ძალიან ძვირი სფეროა და ასე არაფერი გამოვა. შეუძლებელია ამ მიდგომით რამე განვითარდეს,“ - ამბობს ჭეიშვილი.

65 წლის ნანა უკვე მესამედ არის სტამბოლში. მკერდის სიმსივნის მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა, ახლა ექვს თვეში ერთხელ შემოწმებაზე ჩამოდის.

სტამბოლის შემოდგომის მზეს ეფიცხება და ყავას სვამს. თუმცა, სანამ ამ სიმშვიდეს იპოვიდა, დიდი და სტრესული გზა გაიარა.

„საქართველოშიც გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები, რომლებსაც ძალიან ვენდობი - ამბობს ნანა. პირველ რიგში ის ექოსკოპისტი, რომელმაც პირველმა დაინახა ჩემთან ძალიან პატარა კვანძი. მაგრამ, მაინც თუ საშუალება აქვთ, ყველას აქ ჩამოსვლას ვურჩევ. თურქეთში სისტემაა აწყობილი ისე, რომ არაფერზე ფიქრი არ გიწევს. ყველაფერი დაგეგმილი და მოგვარებულია, რისგანაც საქართველო ძალიან შორსაა. კლინიკაშიც ყველა გიღიმის და ყველამ იცის, როგორ უნდა მიუდგნენ ავადმყოფებს. ჩვენთან, ელემენტარულად ესეც კი ვერ ისწავლა ზოგმა ექიმმა,“ - ამბობს ის.

JAMnews
ტექსტი: მარადია ცაავა
ფოტო/ვიდეო: დავით ფიფია
რედაქტორი: სოფო ბუკია
Photocredits: Unsplash
Made on
Tilda