ეს არის ამბავი საქართველოს სამხრეთ რეგიონში, ჯავახეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დიდი ხანია დანარჩენმა საქართველომ ისინი საკუთარი სხეულიდან მოიკვეთა
საქართველოში ცხოვრობს რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე, რომლებიც თითქმის სრულად სხვა ქვეყანაზე არიან დამოკიდებული - ოჯახებს რუსეთში ნაშოვნი ფულით არჩენენ. გარდა ამისა, მათ აქვთ რუსული და სომხური პასპორტები, ინფორმაციასაც ძირითადად რუსული და სომხური მედიით იღებენ.

პროექტის მიზანია გაარკვიოს, რატომ მოხდა ასე. არის თუ არა რუსული გავლენა რეგიონზე მზარდი და უქმნის თუ არა ის საფრთხეს იქ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და რეგიონის სტაბილურობას.
ჯავახეთი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციაა სამხრეთ საქართველოში, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარის შემადგენლობაში შედის.

ჯავახეთში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეები.
ფართობი
2 588 კვ.კმ.
(2014 წლის აღწერის
მიხედვით)
მოსახლეობა
69 561 ადამიანი
ეთნიკურად
სომხები
93,63 პროცენტი
ნინოწმინდა
და ახალქალაქი
(2 ქალაქი და
95 სოფელი )
ჯავახეთში ორი
მუნიციპალიტეტია
ეთნიკურად
ქართველები
5,91 პროცენტი
ნაწილი I
სეზონური ქმრები
გაზაფხულის დადგომისთანავე ჯავახეთში მცხოვრები ათასობით მამაკაცი საკუთარ სახლს ტოვებს და რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე მიემგზავრება. გვიან შემოდგომამდე კაცები სხვა ქვეყანაში მუშაობენ, რომ ოჯახები არჩინონ, ზამთარს კი სამშობლოში ატარებენ.
ზამთარში ჯავახეთი თოვლითაა დაფარული.

ეს რეგიონი ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზეა. საქართველოში არსად სხვაგან ასეთი მკაცრი ზამთარი არ იცის - ზოგჯერ ყინვა 30 გრადუსსაც კი აღწევს.

როცა დიდი თოვლი მოდის, მაღალმთიანი სოფლების გზა თვეობით იკეტება. ასეთი სოფლების გზებს იშვიათად წმენდენ.
ჯავახეთი ალპური ზონაა, ტყეები აქ თითქმის არ არის. ზამთარში აქ ბევრი ცაა და გამჭვირვალე, სუფთა ჰაერი. ხოლო, ულამაზესი ტბები, რომლებითაც ეს რეგიონი ძალიან მდიდარია, ყინულის საფარს იკეთებენ.

მკაცრ ზამთარს აქაურები მიჩვეულები არიან.
არქიტექტურაც ამ პირობებსაა მორგებული - სოფლებში აქ უმეტესად ერთსართულიან ქვის სახლებს აშენებენ. ზოგან სახურავები თივითაა დაფარული, ასე სახლი სითბოს უფრო ინარჩუნებს.
ბოლო წლებში ბევრ სოფელში გაზი შევიდა და ოჯახში გაზის გამათბობლები შეიძინეს. თუმცა წივა აქ კვლავ რჩება გათბობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად, განსაკუთრებით, სოფლებში. წივა ოთხკუთხედად დაჭრილი გამხმარი ნაკელია, რომელსაც სპეციალური ტექნოლოგიით მთელი წლის განმავლობაში ზამთრისთვის ინახავენ.
„კოფე-მოფე?“ - აუცილებლად გკითხავენ ჯავახეთში, როცა ვინმესთან სტუმრად მიხვალთ. ეს ყავაზე შინაურულ მიპატიჟებას ნიშნავს.
ძველი, ნახევრად დანგრეული წითელი “ოპელით” ქალაქ ახალქალაქიდან გზას სოფელ კარტიკამისკენ მივუყვებით.

აღმართია, გზა თოვლიანი და გაუწმენდავი, თუმცა ჩვენი მძღოლი „ძიაძია ლიოვა“ თვალსაც არ ახამხამებს, ისე თამამად მიასრიალებს თოვლში თავის მანქანას.

იგითხანიანების პატარა, სამსულიანი ოჯახი კარტიკამის ცენტრში ცხოვრობს. ტრადიციული, ჯავახური ქვის სახლის დერეფანში დიდი თუჯის ღუმელი დგას. თბილა. ღუმელზე ყავა დუღდება, რომლის არომატი მთელ სახლში ტრიალებს.
გარეგინის ისტორიაში არაფერია უნიკალური. ეს ათასობით აქაური სომეხი მამაკაცის ცხოვრების გზაა.
ზამთარი წლის ის იშვიათი პერიოდია, როცა ამ ოჯახის ყველა წევრი თავს ერთად იყრის. დიასახლისისთვის, ვენერასთვის, ეს ნამდვილი დღესასწაულია - ქმარი და შვილიც, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ დადიან, ახლა სახლში არიან.

გარეგინი 60 წლისაა. გვიყვება როგორ მოხდა ისე, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტი ოჯახისგან შორს, რუსეთში აქვს გატარებული.
პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ. როცა როსტოვში სწავლა დავამთავრე, მშობლიურ სოფელში დავბრუნდი, სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. მერე, ცოტა ხანს მეურნეობაში ვიმუშავე ინჟინრად, შემდეგ ქვის ცეხში. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, აქ ყველაფერი გაჩერდა, ყველა საწარმო, ყველაფერი. მარტო ბაზა მუშაობდა. სამსახური სხვაგან აღარსად იყო. შვილები მყავდა, ოჯახს რჩენა სჭირდებოდა. ძალიან გამიჭირდა წასვლა, მაგრამ რა მექნა. პირველად 1996 წელს წავედი, მას შემდეგ ამ საქმით ვარჩენ ოჯახს“.
ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ადამიანისთვის არის რუსეთი, სეზონური შრომითი ბაზარი, სახელმწიფოს არ აქვს. ორგანიზაცია EMC (სოციალური სამართლიანობის ცენტრი), რომელიც სწავლობს უმცირესობების პრობლემებს, ამბობს, რომ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც მათ ჯავახეთში უყვებიან, შრომით მიგრაციაში შრომისუნარიანი მამაკაცების დაახლოებით 70 პროცენტია ჩართული.

ადგილობრივი მედია-ორგანიზაციის jnews-ის კვლევით, ჯავახეთში მცხოვრები ოჯახების 63 პროცენტიდან ერთი ადამიანი მაინც არის რუსეთში სამუშაოდ წასული. ანუ ათი ოჯახიდან ექვსში „სეზონური ქმარი“ ჰყავთ. სწორედ ასეთი სახელი დაარქვეს აქაურ კაცებს, რომლებიც წელიწადის მხოლოდ ერთ სეზონს ატარებენ სახლში.
საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სადაც მიგრაცია ასევე დიდია, სომხური ოჯახებიდან როგორც წესი სეზონურ სამუშაოებზე მიდიან და როგორც წესი, ძირითადად კაცები.

გეოგრაფიაც ძალიან ვიწროა - ჯავახეთიდან თითქმის ყველა რუსეთში მიდის.

ზოგი მათგანი იქ ნახევარ წელიწადს ატარებს, ზოგი ათ თვეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სამუშაოს ასრულებენ და რა ვადებში დაასრულებენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობა 18 პროცენტს შეადგენს.

უშუალოდ სამცხე-ჯავახეთში კი, უმუშევრობის დონე 11,4 პროცენტია.

თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ციფრი ბევრად დიდი იქნებოდა, სტატისტიკა თვითდასაქმებულებსაც დასაქმებულებად რომ არ მიიჩნევდეს. ანუ, სეზონურ სამუშაოზე სხვა ქვეყანაში წასულ ადამიანი ქართული სტატისტიკით დასაქმებულად ითვლება.
გარეგინი რუსეთში ყოველ წელს დადის. ძირითადად, მშენებლობაზე მუშაობს, ისევე როგორც სხვა ჯავახი კაცები.

ხან რომელიმე დიდი კომპანიის დაკვეთით დიდ ობიექტს აშენებს, ხან კერძო შეკვეთას იღებს - აგარაკებს და სახლებს არემონტებს.
დამსაქმებლებს ჯავახეთიდან წასული კაცები რუსეთში ადვილად პოულობენ. რუსეთში ჯავახეთიდან წასული ბევრი სომეხი ცხოვრობს, რომლებმაც იქ სამშენებლო კომპანიები შექმნეს და ახლა თანამემამულეები მათთვის იაფი მუშა-ხელია.

ჯავახეთიდან, როგორც წესი, ერთად რამდენიმე მამაკაცი მიდის - „ბრიგადა“, რომლის წევრებიც სხვადასხვა სამშენებლო ხელობას ფლობენ.

საშუალო ხელფასი, რასაც გარეგინს და მისი „ბრიგადის“ წევრებს უხდიან, თვეში 55 ათასიდან 65 ათასამდე რუსული რუბლია (700 – 800 აშშ დოლარი).
„ხოფანიდან“ - ასე ეძახიან ჯავახეთში რუსეთში სამუშაოდ წასვლას, ჯავახ მამაკაცებს საშუალოდ, სეზონზე 20 -25 ათასი ლარი (6-დან 8 ათას დოლარამდე) ჩამოაქვთ.
ეს ფული შემდეგ წასვლამდე უნდა იმყოფინონ.

როდესაც სახლში ყველაფერი გაქვს, ეს ფული ნორმალურად გეყოფა. მაგრამ, თუ მაგალითად, ცოლი რეკავს - მაცივარი გაგვიფუჭდა, ან ტელევიზორი გადაიწვა, ან კიდევ რამე მსხვილი ხარჯია, მაშინ არ არის სამყოფი“, - ამბობს გარეგინი.

გარეგინი საშუალოდ წელიწადში შვიდ თვეს ატარებს რუსეთში. მისი ცოლი ვენერა სახლში მარტო რჩება და სახლს უვლის.

კარტოფილი, ძროხები, გოჭი, ბოსტანი, კიტრი, პომიდორი, ხილი - ყველაფერი გვაქვს. ამ ყველაფერს მარტო უვლის. ძნელია. მისთვისაც და ჩემთვისაც, - დარეცხვა, სადილის მომზადება, საუზმე, ჭურჭლის რეცხვა, ეს ყველფერი შენი გასაკეთებელია, რთულია რა თქმა უნდა, კაცისთვის არ არის ადვილი, ჭურჭელი რეცხო, ან ტანსაცმელი,“ - ამბობს გარეგინი.
ვენერა 20 წლის იყო, როცა ცოლად გარეგინს გაჰყვა. მანამდე ლენინაკანში (სომხეთში) საბუღალტრო ტექნიკუმი დაამთავრა. ორი წელი სოფლის საბჭოში იმუშავა. მერე დედამთილი გაუხდა ავად და სამსახურს თავი დაანება. მას შემდეგ, სამსახური აღარც უძებნია, ამის დრო აღარ ჰქონდა:

„სულ მინდოდა მოწესრიგებული სიარული, სამსახური, მაგრამ არ გამოვიდა... სახლს ვინ მიხედავს?! როცა ქმარი არ არის, მთელი დღეები მარტო ვარ. საქმეს ისე არ მღლის, როგორც მარტოობა,“ - ამბობს ვენერა.

გარეგინის მთავარი მიზანი არის იმ დონეზე დააყენოს ოჯახი ფეხზე, რომ მის ვაჟსაც არ მოუწიოს „ხოფანში“ წასვლა. ვლადისლავმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ერთი წელი ადგილობრივ გამოცემა Jnews-ში სტაჟიორ-ჟურნალისტად იმუშავა, მაგრამ შემდეგ, გასულ წელს, მამასთან ერთად, ისიც რუსეთში წავიდა. გარეგინს არ უნდა, რომ ვლადისლავმა ეს გზა გააგრძელოს:

განათლებაც იმიტომ მივეცი. თუ აქ იქნება შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელი ფული იშოვოს და ნორმალურად იცხოვროს, ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ არსად გავუშვებ“.

რუსეთის წილი, საქართველოს ფულად გზავნილებში, წამყვანია. მაგალითად, 2022 წლის იანვარში, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში 169 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ( 12.7 პროცენტით მეტი გასული წლის იგივე პერიოდზე). ამ გზავნილებში, რუსეთი, 22 მლნ დოლარით, მეორე ადგილზეა. ახლა სეზონი არ არის და ეს თანხა კიდევ მცირეა. გასული, 2021 წლის ზაფხულში, რუსეთიდან, თვეში საშუალოდ, 37 – 40 მლნ დოლარი ირიცხებოდა.
“რუსული ფულის გავლენა რეიგონზე დიდია. ეს ფული ჯავახეთში მოდის არამხოლოდ სეზონური მიგრაციით, არამედ, იმ ათასობით ადამიანისგან, ვინც იქ გადაცხოვრდა და რუსეთში ნაშოვნი ფულით საქართველოში დარჩენილ ოჯახებს და ახლობლებს არჩენს.

არ აქვს მნიშვნელობა სეზონური მიგრანტია თუ არა. აქვს მნიშვნელობა, რუსეთიდან რამდენი ფული მოდის ჯავახეთში.
საქართველოსთვის სეზონური მიგრაცია საშიშია იმიტომ, რომ ეს ადამიანები შემდეგ შესაძლოა გახდნენ იმ ქვეყნის დასაყრდენი, სადაც საარსებო ფულს შოულობენ:

გარდა ფულისა მათ ჩამოაქვთ იქაური მენტალიტეტიც. რუსეთი ჩარჩა კონსერვატიულ ღირებულებებში, აქედან ჩასული ადამიანიც იმ ღირებულებების მატარებელი ხდება და მოკავშირეა იმ სახელმწიფოსი, სადაც ასე ფიქრობენ და აზროვნებენ. საქართველოს კი სხვა გზით უნდა განვითარება,” - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” დირექტორი არნოლდ სტეფანიანი.
ნაწილი II

რუსული სამხედრო ბაზა, როგორც კარგი ცხოვრების მოსაგონარი

ახალქალაქში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც საქართველოდან 2007 წელს გავიდა, წლების განმავლობაში ჯავახეთის სომხური თემისთვის მთავარი სოციალურ-ეკონომიკური საყრდენი იყო და ერთგვარად სახელმწიფოს ფუნქციებსაც ასრულებდა - ასაქმებდა ასეულობით ადგილობრივს, სთავაზობდა მათ განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებს, იყო თურქეთისგან უსაფრთხოების გარანტი.
მიტოვებული, დანგრეული შენობები, ნახევრად ცარიელი კორპუსები, უკაცრიელი ქუჩები და ზამთრის ცივი ქარის ზუზუნი აქაურობას ქალაქ-მოჩვენებას ამსგავსებს.

ზოგჯერ სადარბაზოებიდან სქელ ხალათებში გახვეული ქალები გამოდიან, რომ ნაგავი გადაყარონ ან ქარისგან ჩამოვარდნილი სარეცხი აკრიფონ, შემდეგ კი სწრაფად ნაცრისფერ სადარბაზოებში უჩინარდებიან.

ე.წ. „გარადოკში“ ვართ. ეს ახალქალაქის გარეუბანია, სადაც ადრე რუსული სამხედრო ბაზა იყო.
რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ბოლო ეშელონი ახალქალაქიდან 2007 წლის მაისში გავიდა და ამით დასრულდა ამ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნის თითქმის 200 წლიანი ისტორია.

რუსეთის იმპერიისთვის ჯავახეთი იყო ყველაზე ბოლო წერტილი - ფორპოსტი თურქების წინააღმდეგ, ადგილობრივი სომხებისთვის კი, რუსეთის აქ ყოფნა იყო მათი უსაფრთხოების გარანტი და დაცვა ისტორიული მტრისგან - თურქეთისგან.
როდესაც 1952 წელს თურქეთი ნატოს წევრი გახდა, ახალქალაქის ბაზამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა - იგი სსრკ-სა და ნატოს ზუსტად საზღვარზე აღმოჩნდა.

ნატოს საზღვართან სიახლოვე იმასაც ნიშნავდა, რომ საბჭოთა პერიოდში მთლიანად რეგიონი დახურული ზონა იყო - უცხოელებს ამ ტერიტორიაზე არ უშვებდნენ, სპეციალური საშვები სჭირდებოდათ აქ შესასვლელად საბჭოთა მოქალაქეებსაც.

ამგვარმა ჩაკეტილობამ განაპირობა ის, რომ ჯავახეთის სომეხ მოსახლეობასა და რუს სამხედროებს შორის ურთიერთობა გარედან მნიშვნელოვანი ჩარევის გარეშე ვითარდებოდა.

საბჭოთა კავშირის დროს და მერეც, რუსულ ბაზაზე დაახლოებით 1500 ადამიანი მუშაობდა. მათი 80 პროცენტი ადგილობრივები - ახალქალაქის და ნინოწმინდის მაცხოვრებელი სომხები იყვნენ.

ამიტომ, მისი გაყვანის გადაწყვეტილებას ახალქალაქში დიდი სიხარულით არ შეხვედრიან.

სომხურ დასახლებებში 65% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ცუდი მოვლენა (წყარო: NDI, 2019 წ, აპრილი)
2007 წლის 24 მაისს ახალციხის საბარგო სადგურიდან რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ბოლო ეშელონი გავიდა.

რიმა ღარიბიანი, ადგილობრივი გამოცემა jnews-ის რედაქტორი ამბობს, რომ ასობით ადამიანი, ვისაც რუსეთში ალტერნატიული სამსახური შესთავაზეს, ამ ბაზას თან გაჰყვა.

საქართველოს ხელისუფლება მაშინ ადგილობრივ მოსახლეობას შეჰპირდა, რომ რეგიონში სანაცვლოდ სამუშაო ადგილებს შექმნიდა, კერძოდ, ამავე ადგილას ქართულ სამხედრო ბაზას გახსნიდა, სადაც ადგილობრივები იმუშავებდნენ. თუმცა, მას შემდეგ 15 წელი გავიდა, დასაქმების პრობლემა რეგიონში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩება.
ბებია მინაზარი 80 წლისაა.

ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ერთოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს. სახლში ცივა, გამათბობელი არ ჩანს.

ჯერ კიდევ სამედიცინო კოლეჯის სტუდენტი იყო, რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში, პრაქტიკანტად რომ მივიდა. დირექტორს ისე მოეწონა, რომ პრაქტიკიდან პირდაპირ სამსახურში აიყვანა. მას შემდეგ მინაზარი “გარადოკში” ცხოვრობს. ეს ტერიტორია არც დაუტოვებია არასდროს.

მომავალი ქმარიც აქ გაიცნო - სამხედრო პირი იყო, „პრაპორჩიკი“:

„ჰოსპიტალის “ზაპას პაკრიკშკას” მეძახდნენ - ყველგან მე ვიყავი, სადაც ვჭირდებოდი: თერაპიაში, ინფექციურში, კარდიოლოგიაში. თან ინტერესიანი ვიყავი, ყველაფრის სწავლა მინდოდა. ბოლომდე ვიმუშავე, იქამდე, ვიდრე საბჭოთა კავშირი არ დაინგრა. იმის მერე არავის არაფერში აღარ ვჭირდებოდი“.

„მე, ასია, რიმა, მეტი არავინ“ - გვითვლის მინაზარი მის კორპუსში დარჩენილ იმ ხალხს, ვინც ადრე ბაზაზე მუშაობდა.

მინაზარს ორი ვაჟი ჰყავდა, ორივე რუსეთში წავიდა. რამდენიმე წლის წინ, მისი ერთი შვილი, მოსკოვში მოკლეს. სამი წლის წინ ქმარიც გარდაეცვალა.

მინაზარს ჯერ ისევ საბჭოთა პასპორტი აქვს და პენსიასაც რუსულს იღებს:

“ასეთ სიბერეს ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ მარტოობას,- გვიყვება ის, - კარგი დრო იყო მაშინ, საბჭოთა კავშირი არ უნდა დანგრეულიყო. მაგრამ არ გვინდა ზედმეტი ლაპარაკი, პრობლემები არ გვინდა“.

წამოსვლისას ქურთუკის ჯიბეში რამდენიმე კანფეტს გვიდებს და გვთხოვს, რომ ხანდახან მოვინახულოთ:

„არავინ არ მყავს აქ, არავინ, არცერთი ნათესავი. სულ მარტო ვარ“.

მას შემდეგ, რაც აქედან რუსული ბაზა გავიდა, რუსი ოფიცრების საცხოვრებლების ნაწილი ადგილობრივებს დაუნაწილდათ. ზოგმა სახლები გაყიდა - მყიდველები ძირითადად ახალქალაქის სოფლებში მაცხოვრებლები იყვნენ. ზოგმა ვერ გაყიდა, ისე წავიდა ემიგრაციაში - მათი ბინები ახლა დაკეტილია და მოუვლელობისგან ნელ-ნელა ნადგურდება.

„როცა პატარა ვიყავი, ეს დასახლება ახალქალაქში ყველაზე მოწესრიგებული იყო. მახსოვს, სკოლიდან ვიპარებოდით და აქ მოვდიოდით - ასფალტი იყო, საბავშვო კარუსელები, ყველაფერი სუფთა, მოვლილი“, - იხსენებს რიმა ღარიბიანი.
ნაწილი iii

სახელმწიფო ენა, როგორც ბარიერი

ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების უმეტესობამ ქართული არ იცის. წლების განმავლობაში თაობები აქ ისე იზრდებოდნენ და ბერდებოდნენ, რომ ყოველდღიურობაში სახელმწიფო ენა არ სჭირდებოდათ. მათ მშობლიურ ენას სახელმწიფოში არანაირი სტატუსი არ აქვს და, შესაბამისად, არც საჯარო სივრცეში გამოიყენება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ართულებს მათ ინტეგრაციას დანარჩენ საქართველოსთან.
როზა, ნარინე და ვერონიკა მეგობრები არიან. სამივე უფროსკლასელია. სოფელ ზაკის სომხურ საჯარო სკოლაში სწავლობენ.

როზა და ვერონიკა ნარინესთან არიან სტუმრად. ნარინეს მამას საკალმახე აქვს და მეგობრები კალმახზე დაპატიჟა.

სამივე სომხურ ოჯახში გაიზარდა. მათ ოჯახებში ქართული ენა არც მშობლებმა და არც ბებია-ბაბუამ არ იცის.

“როცა ენა ყოველდღიურობაში არ გჭირდება, არ იყენებ, მაშინ მისი სწავლა ძნელია. სოფელში ყველა სომხურად ვლაპარაკობთ. ასე იყო სულ,” - გვეუბნება ნარინეს მამა, ვარდან კარახანიანი.

ვარდანიც მათ შორისაა, ვინც ადრე “ხოფანში” დადიოდა. ეს საკალმახეც იმ ფულით გააშენა, რომელიც რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე იშოვა.

ვარდანი რუსეთში უკვე აღარ დადის. საკალმახეს უვლის და პარალელურად, ზაკის სკოლაში დარაჯად და მომმარაგებლად მუშაობს.

ვარდანი ამბობს, რომ მის თაობასა და ახლანდელ ახალგაზრდობას შორის დიდი სხვაობაა:

“ჩვენ ამის მეოთხედი ქართულიც არ ვიცოდით. ახლანდელი ახალგაზრდობა ძალიან ყოჩაღია ამ საკითხში, კარგად სწავლობენ ქართულ ენას“, - ამბობს იგი.
მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 81 089 ეთნიკურად სომეხი მოქალაქიდან ქართულ ენას თავისუფლად მხოლოდ 16 676 ფლობს.
ამ რეგიონში მუდმივად იყო ქართული ენის მასწავლებლების და კვალიფიციური კადრების პრობლემა. ქართული ენის შესასწავლი გრძელვადიანი პროგრამები ჯავახეთის რეგიონში 2009 წლიდან ამუშავდა.

„ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ - ასე ერქვა პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართულის 50 მასწავლებელი შეკრიბეს, გადაამზადეს და ჯავახეთის სომხურენოვან სკოლებში მიავლინეს სამუშაოდ.
მათ შორის იყო ცაულინა მალაზონია.

უკვე 12 წელი შესრულდა, რაც ცაულინა ჯავახეთში, სოფელ ზაკში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს და აქაურ სკოლაში ბავშებს ქართულს ასწავლის. როზა, ნარინე და ვერონიკა მისი მოსწავლეები არიან.
ცაულინა იხსენებს, როგორ შეხვდნენ მის გამოჩენას სოფელში:

“მე მითხრეს, როდესაც მოვედი, კარგია, რომ მოხვედი და უნდა ასწავლო ქართული, მაგრამ აქ არ არის ამის მოტივაცია, იმიტომ, რომ მიდიან რუსეთში სამუშაოდ, სომხეთში - სასწავლებლად. და, რაში სჭირდებათ ქართული?!”.

“რუსეთიდან ჩამოსულმა ერთმა ახალგაზრდამ ჰკითხა ჩემზე ერთ მოსწავლეს - ქართულის მასწავლებელია?! და რად გინდა ქართული, რუსული ისწავლე!“
ცაულინა ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში ჯავახეთში ბევრი რამ შეიცვალა:

“მთავარი ცვლილება ის არის, რომ აქაური ახალგაზრდები ნელ-ნელა ხედავენ საკუთარ მომავალს საქართველოში”.
წლების წინ, ჯავახეთიდან ახალგაზრდების უმეტესობა სწავლას სომხეთში ან რუსეთში აგრძელებდა. ერევნის სომხურ-რუსული უნივერსიტეტი “ჯავახი” აქაური ახალგაზრდებისთვის მარტივი გზა იყო უმაღლეს განათლებამდე.

გარდამტეხი აღმოჩნდა პროექტი, რომელიც „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ სახელწოდებითაა ცნობილი. პროექტს საქართველოს მთავრობა 2010 წლიდან ახორციელებს. მის ფარგლებში გამოყოფილია კვოტა არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის - ისინი თავიანთ მშობლიურ ენაზე აბარებენ ზოგადი უნარების ტესტს, რის შემდეგაც, ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად სწავლობენ ქართულ ენას (და ამაში 2250 ლარს იხდიან). ერთი წლის შემდეგ ისინი უგამოცდოდ აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე.

ამ პროგრამამ ჯავახი ახალგაზრდების არჩევანი მნიშვნელოვნად შეცვალა.
2010 წელს, “1+4 პროგრამით”, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში 247-მა არაქართველმა ჩააბარა, გასულ, 2021 წელს ამ პროგრამაზე - 1331 ახალგაზრდა ჩაირიცხა.
თუმცა, ცვლილებები მაინც ნელა მიდის. ჯავახი ახალგაზრდებისთვის სკოლის დასრულების შემდეგ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოში სწავლის გაგრძელების საკითხი.
ახალქალაქელი რიმა მარანგოზიანი ჟურნალისტიკის მაგისტრია, თბილისში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპაში) სწავლობს.

რიმას კლასში 17 მოსწავლე იყო. მათგან ოთხმა სწავლა თბილისში გააგრძელა, ერთი ერევანში წავიდა. რიმასაც ერევანი უნდოდა, მაგრამ ოჯახმა არ გაუშვა. ახლა ქართული კარგად იცის, თუმცა, აქამდე რთული გზით მოვიდა:

„მოსამზადებელი კურსი ადვილი იყო. იმ წელს ბევრი ვერაფერი ვისწავლე, მხოლოდ გრამატიკა. ლაპარაკის გამოცდილება ნაკლებად მქონდა, ამიტომ, პირველი კურსი ძალიან გამიჭირდა. კოშმარი იყო, არ მესმოდა ლექტორები რას ლაპარაკობდნენ. დღე და ღამე ვმეცადინეობდი. მეორე კურსი შედარებით გამიადვილდა და მესამე კურსიდან უკვე აღარ მჭირდებოდა ლექსიკონი”.

ჰაიკანუშ კარაბეკიანი 20 წლისაა და ერევანში, სომხურ-რუსულ უნივერსიტეტში, ლინგვისტიკას სწავლობს. ჰაიკანუშმა ახალქალაქის მეორე, რუსულენოვანი სკოლა დაამთავრა, ერევანიც ამიტომ აირჩია, იქ რუსულ სექტორზე სწავლობს:

„საბუთები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შევიტანე, მაგრამ საბოლოდ ერევანი ავირჩიე“, - ჰყვება ჰაიკანუში.

ამბობს, რომ უკვე ის ცოტა ქართულიც ავიწყდება, რომელიც სკოლაში ისწავლა: „ახლა ძირითადად სომხეთში ვცხოვრობ. ენა კარგად რომ იცოდე, სისტემატურად უნდა ლაპარაკობდე ამ ენაზე, აუცილებელია ურთიერთობა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს“.

ახლა არჩევანის წინაშე როზა, ნარინე და ვერონიკა დგანან:

„ჩემი ძმა თბილისში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობს. მეც იქ მინდა სწავლა“, - ამბობს ვერონიკა პეტროსიანი, რომელიც ჯერ 17 წლისაა, უნივერსიტეტში ერთი წლის შემდეგ უნდა ჩააბაროს. იქამდე, ცდილობს, ქართული ენა კიდევ უფრო უკეთ ისწავლოს.

როზას ოჯახში უთხრეს, რომ თავად უნდა აირჩიოს, სად უნდა სწავლის გაგრძელება.

როზამ საქართველო აირჩია: „მე აქ დავიბადე, აქ არიან ჩემი მეგობრები და ამიტომ მინდა, რომ აქ ვისწავლო“.

საქართველოში უნდა სწავლის გაგრძელება ნარინესაც: „ჩემი ნათესავების დიდი ნაწილი სომხეთსა და რუსეთში ცხოვრობს. მაგრამ, მე მიყვარს საქართველო, ჩემი ქვეყანა და არ მინდა წასვლა სხვა ქვეყანაში“.

27 წლის ტიგრან თარზიანი ადგილობრივი აქტივისტია ჯავახეთიდან. ნინოწმინდაში, სოფელ უჩმანაში ცხოვრობს.

ტიგრანი ამბობს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნაა ჯავახეთის ყველა პრობლემის სათავეა. ენის შესასწავლად კი ჯავახეთში გარემო არ არის - გაკვეთილის მიღმა, ქართულს ვერსად იყენებ:

“12 წელი სწავლობენ სკოლაში ქართულს და მაინც არ იციან. რატომ?! იმიტომ, რომ გარემო არ არის. კარგი იქნება, რომ პრაქტიკული კურსებიც იყოს, ჩვენ ეს გვჭირდება, იმიტომ, რომ ჩვენ ყველგან სომხურად ვსაუბრობთ, სოფელშიც, სახლშიც, სკოლაშიც. დღეში მხოლოდ ერთსაათიანი, ან 40-წუთიანი გაკვეთილით ენას ვერ ისწავლი”.
ჯავახეთში - 86 სკოლა. მათგან ორი ყველაზე დიდი სკოლა, სადაც მოსწავლეების უმეტესობა სწავლობს- რუსულენოვანია.

ნინოწმინდა ახალქალაქის 86 სოფლიდან კი საბავშვო ბაღი მხოლოდ 22 სოფელშია.

ნაწილი iv

რუსული არხები

ჯავახეთში მცხოვრებთა უმრავლესობა ყოველდღიურ ინფორმაციას რუსული ან სომხური ტელეარხებიდან იღებს. ქართული ენა აქ ცოტამ იცის, შესაბამისად, ქართულ არხებს თითქმის არ უყურებენ.
20 იანვრის საღამოა, ცივა, ტემპერატურა გარეთ -11 გრადუსს აჩვენებს.

ჰაიკაზარ ალვანიანი მოხუც დედასთან ერთად სახლში, ტელევიზორთან ზის. მისი ცოლი, ნადია ღაზარიანი, სამზარეულოშია, ვახშმად სომხურ წვნიანს ამზადებს. ღუმელთან მსუქანი კატა გაწოლილა, თვლემს.

რუსულ არხზე „РОССИЯ 24“ საღამოს საინფორმაციო გამოშვება გადის. დიქტორი მოსკოვსა და შტატებს შორის მოლაპარაკებებზე ჰყვება. ეს ის დროა, როცა მთელი მსოფლიო უკრაინაში რუსეთის შეჭრის მოლოდინშია.

„ჯო ბაიდენი კვლავ ემუქრება რუსეთს, ახალი ამერიკული ტექნიკა უახლოვდება რუსეთის საზღვრებს, აგრესიულობაში კი მოსკოვს ადანაშაულებენ“, - ისმის დიქტორის ხმა.

„ვერ გაიგებ მტყუან-მართალს. სულ ერთმანეთს ეჯიბრებიან. უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი ამერიკას. ყველა მხარეს თავის სიმართლე აქვს. მთელი ცხოვრებაა, რუსეთი და ამერიკა ვერ იყოფენ, რომელი ნაწილი უნდა ერთს და რომელი მეორეს“, - მსჯელობს მასპინძელი.
ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ, 2021 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოს სომხურ დასახლებებში არაქართულენოვან არხებს გამოკითხულთა 40 პროცენტი უყურებს. ამ არხების ჩამონათვალში, პირველ ოთხეულში, რუსული არხებია.
“ჩვენ ბავშვობიდან ვუყურებდით რუსულ არხებს, ეს ენა გვესმის მთელ ოჯახს”, - ამბობს მასპინძელი.

ვახშამზე ალვანიანები შვილების მომავალზე ლაპარაკობენ. მათ ორი შვილი ჰყავთ და ორივემ ერევანში ისწავლა. ნადია ამბობს, რომ უფროს შვილს, რომელიც ახლა ერევანში, პროგრამისტად მუშაობს, რუსეთში უნდა წასვლა: “ამბობენ, რომ იქ ამ სპეციალისტებს უკეთესი ხელფასი აქვთ”.

“მაგალითად, ერთ შემთხვევას გავიხსენებ - კარტოფილის დაავადება, ფიტოფტორი იყო გავრცელებული და რაღაც გერმანული პრეპარატი უნდა გვეყიდა. თუმცა, ადგილობრივმა ფერმერმა, არაო, მაგ პრეპარატს არ ვიცნობთო, კრასნოდარში ამას არ იყენებენო. ანუ ნათესებს როგორ მოუარონ, იმ ინფორმაციასაც რუსულ არხებზე ეძებენ“, - ჰყვება მახარე მაცუკატოვი, ადგილობრივი აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბიზნესასოციაციის” ხელმძღვანელი.

ნაწილი v

დაკარგული მოქალაქეობა

ჯავახეთში ათასობით ადამიანს, საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ამის ორი მიზეზი არსებობს - ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი მაშინ თქვა, როდესაც, ახალქალაქში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე დაიწყო მუშაობა. მეორე ნაწილმა კი მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ, სრულიად შემთხვევით დაკარგა, იმისთვის, რომ რუსეთში სამუშაოდ წასასვლელი გზა არ ჩაკეტვოდა.
კამო სიმონიანი სოფელ ჟდანოვში ცხოვრობს. მთელი ცხოვრება ოჯახის სარჩენად რუსეთში დადიოდა.

2006 წლამდე რუსეთში წასვლა მარტივი იყო. 2006 წლის რუსული ემბარგოს და შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა გართულდა.

იმ პერიოდში, სომხეთში უკვე არსებობდა კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. სომხეთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ სომხურ დიასპორას მოქალაქეობას უპრობლემოდ აძლევდა.

კამო სიმონიანმა, რუსეთში წასასვლელი გზა რომ არ ჩაკეტვოდა, სომხეთის მოქალაქეობა მიიღო. ასე მოიქცა თითქმის ყველა, ვინც რუსეთში, შრომით მიგრაციაში იყო ჩართული.
ათასობით ჯავახმა სომეხმა საქართველოს საზღვარზე აღმოაჩინა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები აღარ იყვნენ.
2013 წელს, საქართველოს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა და ყველამ, ვისაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა.

ჯავახეთში მცხოვრებლებისთვის ეს ცვლილება არავის აუხსნია.

ბევრ მათგანს კი სახლში მიუვიდა უწყება, სადაც ეწერა, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.

ეს კი ნიშნავს, რომ ჯავახეთში ათასობით ადამიანი ვერ სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით, ვერ მონაწილეობს არჩევნებში, არ ფინანსდება მაგალითად, მათი ოპერაციები.

ბოლო ორი წელია, რაც პანდემიაა, სახელმწიფო მათ მკურნალობასაც კი არ აფინანსებს.
„ეს ხალხი ითხოვს მოქალაქეობის დაბრუნებას, მინიჭებას კი არა. ისინი აქ დაიბადნენ, აქ ცხოვრობდნენ, მათ ჰქონდათ მოქალაქეობა. რუსეთში წასვლა არ იყო მათი სურვილი, ეს იძულებითი არჩევანი იყო თავის გადასარჩენად“,
ამბობს ჰარუთ მალხასიანი.
ჰარუთმა, რამდენიმე მეგობართან ერთად, გასულ წელს ჯავახეთის სათემო ორგანიზაცია დააარსა. პირველი, რისი მოგვარებაც ამ ორგანიზაციას სურს, სწორედ მოქალაქეობის დაბრუნების საკითხია.
ზუსტად რამდენი ადამიანი დარჩა მოქალაქეობის გარეშე, ამის კონკრეტული მონაცემი არ არსებობს.

ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 3-დან 28 ათასამდე მერყეობს.
იმისათვის, რომ მოქალაქეობა დაიბრუნონ, მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა უნდა ჩააბარონ.

ტესტი 200 კითხვისგან შედგება. აპლიკანტს სამართლის საფუძვლების, საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის ზოგადი ცოდნა მოეთხოვება.

კამო სიმონიანი გამოცდაზე ორჯერ გავიდა და ორჯერვე ჩაიჭრა.
„64 წელია საქართველოში ვცხოვრობ, აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ ხნის კაცი ვარ და ქართულს ახლა როგორღა ვისწავლი, ძალიან ძნელია შევეგუო იმას, რომ საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ“,
ამბობს კამო სიმონიანი ადგილობრივ ტელევიზია „მე-9 არხთან“ საუბარში.
ჰარუთი ამბობს, რომ იმ კონტიგენტისთვის, ვისაც მოქალაქეობის პრობლემა აქვს, ამ გამოცდის ჩაბარება წარმოუდგენელია.

ჯავახეთის სათემო ორგანიზაციამ უკვე მიმართა წერილით საქართველოს პრეზიდენტს და სახალხო დამცველს. ორგანიზაცია ითხოვს, რომ ეს პრობლემა შეისწავლონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ პრობლემის შესახებ კარგად იცის.

სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, როცა ჯავახეთში ჩასული ადგილობრივებს ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

მაშინ სალომე ზურაბიშვილმა თურქოფობიული განცხადებაც კი გააკეთა, როცა ეთნიკურ სომხებს უთხრა, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა “ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მათ კი არა".

ზურაბიშვილმა ჯავახეთში ადგილობრივების ხმების 60% მიიღო, მაგრამ, მოქალაქეობის არმქონე ჯავახი კაცები აღარ გახსენებია.

ჰარუთი ამბობს, რომ ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის დაბრუნების პროცედურა უნდა გამარტივდეს.
“წაართვა საქართველოს მოქალაქეობა ადამიანებს და დატოვო ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებად, მაშინ, როცა იცი რა უწერია რუსეთს უსაფრთხოების კონცეფციაში, ამის გაკეთება, როგორც მინიმუმ, აბსურდია! არ მესმის! ნაღმია ეს, ჯავახეთის სხვა ნაღმებზე დამატებული”,
ამბობს ექსპერტი, არნოლდ სტეფანიანი

არის თუ არა ჯავახეთის რუსეთზე დამოკდებულება საფრთხე?

“ხვალ-ზეგ, შესაძლოა სულაც მოხდეს არეულობა ჯავახეთში და სახელმწიფოსგან გამოყოფის ინტერესებმა წამოიწიოს, იგივე, აფხაზეთი და სამაჩაბლო შეიძლება დატრიალდეს”
ამბობს მახარე მაცუკატოვი
თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (emc) თანასწორობის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ ჯავახეთის ასეთი მძაფრი იზოლაცია და პერიფერიზაცია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

იგი ფიქრობს, რომ აღქმები რუსულ საფრთხეებზე, ცოტათი გადაჭარბებულია და ამ განწყობებს სახელმწიფო კარგად იყენებს სომხური თემის წინააღმდეგ:
“იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოსგან მიტოვებული რეგიონი და ადამიანები თავის გადარჩენას ცდილობენ იმ ბაზრებზე და იმ რეალობებში, რომლებიც მათ გარშემო არსებობს, ისევ ამ თემის საწინააღმდეგოდ არის გამოყენებული, - თითქოს მათ მაღალი ინტერესები და კავშირები აქვთ რუსეთთან. ბუნებრივია, რომ თუ სახელმწიფო მათ საქართველოში შეუქმნიდა დასაქმებისა და შემოსავლის მიღების საფუძველს და ამ რეგიონში ამდენი გამოწვევა არ იქნებოდა”.
“რისკები ამ რეგიონში, რა თქმა უნდა, არსებობს, და ყოველთვის არსებობდა”, - ამბობს არნოლდ სტეფანიანი, რომლის თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული, ოღონდ გათვლილი ხანგრძლივ პოლიტიკაზე, და არა ხანმოკლეზე:
“ხელისუფლება რომ ხარ, გნებავთ ოპოზიცია, და ქვეყანაზე როცა ფიქრობ, არამხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო, შენი მმართველობის დროს რა ხდება, არამედ, მომავალში რა ბედი ელის ქვეყანას.

ამ ქვეყანაში ყოველთვის რაღაც ხდება და დამოკიდებულება - რა დროს უმცირესობებია?! - არ არის სწორი. პრაგმატულად, შეიძლება გასაგებია მიდგომა - მოდი გავაკონტროლოთ ეს რეგიონი, რომ არაფერი მოხდეს, ვიდრე ინტეგრაციული პროცესები დავიწყოთ, მაგრამ მცდარია”.
Это история о тех, кто живет в южном крае Грузии, Джавахети, и думает, что остальная страна давно существует от них отдельно

პროექტზე მუშაობდნენ
სოფო ბუკია
იდეის ავტორი და რედაქტორი
sophobukia@gmail.com
ნინო ნარიმანიშვილი
ტექსტის ავტორი, ჟურნალისტი
narimanishvili.n@gmail.com
დავით ფიფია
ფოტო/ვიდეო მასალების ავტორი
david.pipia@gmail.com
რიმა ღარიბიანი
კონსულტანტი
rgaribyan@gmail.com
Made on
Tilda