საირმის მინერალური წყლები - ისტორია და სასარგებლო თვისებები
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 60-მდე დიდი თუ პატარა ბალნეოლოგიური კურორტია. თუმცა, აქაც კი, ცოტა თუ მოიძებნება ადგილი, სადაც ხუთი კილომეტრის რადიუსში მიწიდან ექვსი სხვადასხვა, სამკურნალო თვისების მქონე წყალი ამოდის. საირმე ამ მხრივ უნიკალურია.

2022 წელს გერმანულმა ლაბორატორიამ STORCH Water Consulting International-მა საირმის ექვსივე წყლის ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური კვლევა ჩაატარა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ექვსივე წყალი მინერალებითაა გაჯერებული და სამკურნალო ტიპის წყლებს განეკუთვნება.

ასევე, 2022 წელს საირმე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული კურორტი გახდა, რომელიც ევროპის სპათა ასოციაციამ (ESPA) საკუთარი ქსელის წევრად მიიღო.

მთის მდინარის ხეობაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარე ეს კურორტი სამოცი ჰექტარი შერეული, დაბურული ტყითაა გარშემორტყმული.
ქუთაისიდან საირმე 50 კილომეტრის სავალზეა. თბილისიდან 245 კილომეტრითაა დაშორებული. უახლოესი დასახლებული პუნქტი კი, აქედან მხოლოდ 25 კილომეტრშია.
არაჩვეულებრივი მდებარეობა, სამკურნალო მინერალური წყაროები, სუფთა ჰაერი და წარმოუდგენლად ლამაზი ბუნებრივი პეიზაჟები რეგიონს პოპულარულ კურორტად აქცევს ტურისტებს შორის მთელი მსოფლიოდან. თუმცა, საირმის მთავარი სიმდიდრე სწორედ მისი მინერალური წყაროებია.
კურორტის ისტორია
პირველი წყაროები საირმის წყლების შესახებ მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ დაბურულ ტყეებში, ირმებს ერთი ამოჩემებული ადგილი ჰქონიათ, სადაც დადიოდნენ და წყალს ეწაფებოდნენ.

ხალხში გავრცელებული თქმულებით, წყლები მონადირე ძმებს აღმოუჩენიათ, რომლებიც დაჭრილი ირმის კვალს გაჰყვნენ.

მათ ნახეს, რომ ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე წყარო მოედინებოდა, გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები აქ მარილს და წყალს ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.

შემდეგ მწყემსებმა ირმის წყაროდან სამ-ოთხ კილომეტრში კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს —ერთ ადგილას ბალახი ზამთარ-ზაფხულს მწვანე რჩებოდა, თოვლი არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. ამ „ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში თერმული მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

რა ტიპის წყაროებია საირმეში
საირმის ბუნებრივი მინერალური წყლები სათავეს დედამიწის სიღრმეში იღებენ და ზედაპირზე ამოდიან წყაროების სახით - გამდიდრებული სხვადასხვა მინერალებითა და ნივთიერებებით - კალციუმით, კალიუმით, გოგირდით, ნატრიუმით, რკინით, მაგნიუმით, ჰიდროკარბონატული იონებით და სხვა.

საირმის ექვსი წყაროდან ხუთი მინერალური სასმელი წყალია, მეექვსე კი - მინერალური თერმული წყალი.

წყლები დანომრილია. 1, 2, 3, 4 წყარო ერთადაა თავმოყრილი. ოთხ კილომეტრში თერმული წყალი ამოდის, იქვეა მეხუთე მინერალური წყალი, რომელიც შედარებით გვიან აღმოაჩინეს და ქლიბულას სახელითაა ცნობილი.

კურორტის ტერიტორიაზე, წყლის ამოსვლის ადგილას მოწყობილია სპეციალური ნაგებობები, რომლებსაც ბიუვეტები ჰქვია. ბიუვეტებში დამონტაჟებულია დოზიმეტრები, ღილაკები ის მოცულობა გადმოიღვრება, რომელიც აქვს მითითებული.


რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა საირმის წყლები
წყაროების კვლევისას დადგინდა, რომ თითოეულ მათგანს სხვადასხვა შემადგენლობა აქვს და შესაბამისად, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდაა სასარგებლო. ზოგი წყალი სუსტადაა მინერალიზებული და მისი დალევა რეგულარულად შეიძლება, მაშზინ როდესაც ზოგ წყალს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით იღებენ.

კომუნისტების ეპოქაში, საირმეში მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც აწუხებდათ კუჭ-ნაწლავის თუ უროლოგიური პრობლემები; კენჭოვანი დაავადებები.

თუმცა, მას შემდეგ ამ წყლებში სხვა მნიშვნელოვანი მინერალებიც აღმოაჩინეს. მაგალითად, გერმანულმა ლაბორატორიამ საირმის წყლებში ლითიუმიც იპოვა, რომელსაც ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ (უძილობა, ნევროზები, აშლილობები) იყენებენ.

საირმე რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს შარდ-კენჭოვანი, ნაღვლ-კენჭოვანი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

ასევე, თერმული წყალი და მისი სამკურნალო თვისებები ცალკე აღნიშვას იმსახურებს და ამაზე ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.
როგორ ვიმკურნალოთ საირმეში
ძველი, ტრადიციული საბჭოთა კურორტისგან საირმეში თითქმის არაფერი შემორჩა. დღეს აქ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, მაღალი კლასის დასასვენებელი კომპლექსია, სადაც დასასვენებლად და ძალების აღსადგენად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

მნიშვნელოვნად შეიცვალა და თანამედროვე სტანდარტებს მოერგო კურორტის სამედიცინო მიმართულებაც.
საირმეში ჩამოსულ სტუმარს, დასვენების პარალელურად, შეუძლია ჩაეწეროს ვიზიტზე კურორტის პოლიკლინიკაში, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, და ინდივიდუალურად მისთვის შერჩეული სამკურნალო პროგრამა მიიღოს. ეს სრულიად უფასოდ.

საქმე იმაშია, რომ მინერალური წყლების მიღებისას მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა, რაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს სხვადასხვაა. მაგალითად, საირმის ნომერი ოთხი წყალი, რომელიც ძალიან კონცენტრირებულია, მხოლოდ გარკვეული რაოდენობით უნდა მიიღოთ და მისი სამკურნალო თვისებები იცვლება სხვა წყალთან კომბინაციის შემთხვევაში.

როგორც საირმის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია სანიკიძე ამბობს, წყლების მიღებისას, ადამიანის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ყურადღება ექცევა ბევრ დეტალს - ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს თუ რომელი წყალი ან წყლების კომბინაცია სჭირდება კონკრეტულ სტუმარს, რომელ საათზე უნდა მიიღოს, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ, რა ტემპერატურის უნდა იყოს წყალი. მაგალითად, თუ ადამიანს გასტრიტი აქვს, ერთი ტიპის წყალი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა დალიოს, მეორე კი - ჭამიდან ერთ საათში.

იმასაც კი აქვს მნიშვნელობა როგორ მივიღებთ წყალს - ერთიანად თუ ყლუპ-ყლუპად.
თერმული წყალი
ინდივიდუალური პროგრამა, რომლებსაც სტუმრებს კურორტზე პროფესიონალები შეურჩევენ, გულისხმობს როგორც მინერალური სასმელი წყლების მიღებას სხვადასხვა დოზირებით და კომბინაციით, ასევე ჰიდროპროცედურებს თერმული სამკურნალო წყლით.

საირმეში, იმ ადგილას, სადაც თერმული წყალი ამოედინება, აშენებულია თანამედროვე ტიპის გამაჯანსაღებელი ცენტრი. აქ ოთხმოცამდე სხვადასხვა ტიპის გამაჯანსაღებელ, საპროფილაქტიკო და სარელაქსაციო პროცედურას ატარებენ. ყველა ჰიდროპროცედურა თერმული წყლით ტარდება და ასევე გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული ორი აუზიც მხოლოდ თერმული წყლითაა ავსებული.

წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, მინერალური წყლის აბაზანები, ირიგაციები/გამორეცხვები (მათ შორის ღრძილების, გინეკოლოგიური ირიგაცია, ჰიდროკოლონოთერაპია (მსხვილი ნაწლავის გამორეცხვა)).

თერმული წყალი ძალიან ეფექტურია ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, გინეკოლოგიური, უროლოგიური, კანის დაავადების სამკურნალოდ.
Made on
Tilda